სიღნაღის ციხე-გალავანი

სიღნაღს ციხე-გალავანი XVIII საუკუნით თარიღდება, მას თითქმის 40 ჰა უჭირავს და 4 კმ-ის სიგრძისაა. ისტორიკოსთა ნაწილი ციხის აგებას ერეკლე II-ს მიაწერს, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ მან მხოლოდ აღადგინა სიმაგრე. ვახუშტი ბაგრატიონი წერს: „მეფემან ირაკლი აღაშენა მრავალნი სოფელნი და ციხენიცა და ორნი უჩინებულესნი ციხენი დიდნი, ესე იგი ციხე ბოჭორმისა, რომელიცა ყოფილარს უწინარესსა, გარნა მცირე და ციხე იგი ქიზიყისა უწოდებენ სიღნაღს, რომლისაცა მიზეზით მრავალგზის ისარგებლეს ხალხთა ქიზიყისა და სხვათა მახლობელთა სოფელთა მისთათა მშვიდობით დაცვითა მტერთაგან“. მემატიანე ომან ხერხეულიძესთან კი ვკითხულობთ: „მეფემ ირაკლიმ განაახლა ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა“… ერეკლე II-მ სიღნაღის ციხე-გალავანს მთავარი როლი დააკისრა ლეკებისა, ოსმალ-ყიზილბაშებისგან თავის დასაცავად. გალავანი უსწორმასწორო გეგმარებისაა, რადგან მთაგორიან რელიეფთანაა მორგებული. მის მთელ პერიმეტრზე 23 კოშკი და იმდენივე კონტრფორსი ყოფილა განლაგებული. ყველა კოშკს თავისი სახელი ჰქონდა, იმის მიხედვით, თუ რომელი სოფელი მონაწილეობდა მის მშენებლობაში. მტრის შემოსევის დროს, ციხე-გალავნის ამშენებელი სოფლების მოსახლეობა აქ აფარებდა თავს და მათვე ევალებოდათ კოშკებისა და გალავნის დაცვა. მრგვალი კოშკები ქუნგურებით გვირგვინდება. ერთ-ერთ კოშკში წმ. სტეფანეს ეკლესიაა ჩაშენებული. ციხეს ექვსი შესასვლელი ჰქონია, რომლებიც დიდი, მძლავრი თაღებითაა გამოყვანილი. კედლები ორ იარუსიანია. ქვედა, ყრუ იარუსის კედლის სისქე 1,5 მეტრს, ზედა იარუსისა კი – 70-80 სმ-ს შეადგენს. ამ კედლების სისქეებს შორის განსხვავება საბრძოლო ბილიკს ქმნის. ციხე-გალავანი ძირითადად რიყის, დიდი ზომის ქვითაა ნაშენი, ალაგ-ალაგ ჩართულია აგურის წყობა.

#სიღნაღი #საქართველო #Signagi #Sighnaghi #Georgia

Leave a Reply

Your email address will not be published.

© 2022 Media Agency . Powered by WordPress. Theme by Viva Themes.