მუნიციპალიტეტში არსებული ტაძრები

      სოფ. ანაგა ექვემდებარება საქართველოს საპატრიარქოს ბოდბის ეპარქიას. იგი ქიზიყის “ჭიშკარია”.

სიღნაღის რაიონის სოფ. ანაგაში, გოგოლაანთ უბანში მდებარეობს ერთნავიანი, დარბაზული ტიპის სოფლის სამლოცველო, რომელიც აგებულია ღვთისმშობლის მიძინების სახელზე და “ყველაწმინდას“ უწოდებენ.

ზომით მცირე ტაძარია 7,5-5,5 მ. ნაგებია რიყის ქვით. მთლიანად დაფარული იყო ხეებით და თითქმის შეუმჩნეველი იყო მნახველისთვის. კაკლის დიდი ხე დასავლეთ კედელს მჭიდროდ ებჯინებოდა და მათი საკმაოდ დიდი, ძლიერი ფესვები საფრთხეს უქმნიდა საძირკველს. იმ დონეზე იყო უკვე შეჭრილი კედლის წყობაში, რომ დასავლეთ მხარეს კედლების გადაბმას ბზარი გააჩნდა და სივრცე ჩანდა. გადახურვა მხოლოდ ნალესობის სახით იყო შემორჩენილი, კრამიტი თითქმის არსად იყო დარჩენილი. მასზე ამოზრდილი მცენარეული საფარი მთლიანად ფარავდა სახურავის მთელ პერიმეტრს. არსებული მდგომარეობის გამო საჭირო გახდა ძეგლზე ჩატარებულიყო გადაუდებელი სარეაბილიტაციო სამუშაოები. მართალია თვით ნაგებობა იდგა და არ იყო ჩამონგრეული მისი ცალკეული ნაწილები, მაგრამ საერთო ტექნიკური მდგომარეობა სასწრაფო რეაგირებას მოითხოვდა. ეკლესიას საბურველი მთლიანად მოშლილი ჰქონდა. კრამიტის არსებობაზე მხოლოდ ნალესობაზე შერჩენილი ფორმის მიხედვით თუ ვიმსჯელებდით. მთელი მისი პერიმეტრი მცენარეებით იყო დაფარული. აღმოსავლეთ ფასადზე აკაკის ხე ჩაზრდილი იყო კედლის წყობაში და დანგრევის საფრთხეს ქმნიდა. ინტერიერში სულ განადგურებული იყო ნალესობა და შესაბამისად მოხატულობა. მათი მხოლოდ მცირე ფრაგმენტებია შემორჩენილი. არადა ძალიან საინტერესო ჩანს კოლორიტით და ფორმებით (შესაძლოა „ხალხურ ნაკადსაც” მიეკუთვნებოდეს, მაგრამ ამაზე მსჯელობას ართულებს მცირე ფრაგმენტების არსებობა) გადახურვა მთლიანად მოშლილი იყო, კარნიზის დიდი ნაწილიც მორღვეული. შესასვლელი კარის ღიობი ჩამონგრეული. აღმოსავლეთ და დასავლეთ ფასადებზე გარედან მიწა კედლების შუამდე იყო ამაღლებული და ჩაფლული იყო მიწაში. ხეების საბურველიც ემატებოდა და თითქმის შეუმჩნეველი იყო თვალისთვის, ისე იყო შენიღბული. ეკლესიის იატაკი ასევე მიწით იყო დაფარული და მისი პირვანდელი დონე  დასადგენი იყო. კანკელის საფეხურებიც მიწით იყო დაფარული. ამის გამო შესასვლელი კარიც მერე აუმაღლებიათ და ქვები სპეციალურად გამოუღიათ, დღეს უკვე აღარ იკითხება მისი პირვანდელი მოჩარჩოების ფორმა.

რამოდენიმე წლის  წინ ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარა გენადი მჭედლიშვილმა (ანაგის მკვიდრმა).

          

 

 

 

 

 

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია

 

 

მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია მდებარეობს სოფ. ანაგიდან რამდენიმე კმ-ში.

იგი არქიტექტურულად დარბაზული სტილისაა. ეკლესიის აგებასთან დაკავშირებით არსებობს ასეთი ლეგენდა, რომლის თანახმად გლეხები ყანას მკიდდნენ. იქვე (დიდ ქვაბში) სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა, როდესაც მუშები სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი, რომელიც ქვაბში ჩავარდნილა (გლეხები სადილის განაწილებას აპირებდნენ და ქვაბის სახურავი ახდილი ქონდათ). გლეხები ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გასწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა სარტყელთან შეუჩერებიათ, რადგან ამ დროს მოფრენილი აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და ეკლესიის ადგილზე წაუბრძანებიათო, მშნებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და სარტყელთან შეუჩერებიათ მშენებლობა (ყვავის საყდრის მშენებლობა მართლაც სარტყელთან არის შეჩერებული). ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილზე კი მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ.

 

 

 

 

 

 

              წმ. ნინოს სახელობის ეკლესია მდებარეობს “ბაიდარაანში”, რომელიც სოფლის ყველაზე დიდი უბანია. ეკლესია XVI საუკუნით თარიღდება და არქიტექტორულად ერთნავიანი ბაზილიკის ტიპისაა. აღსანიშნავია, რომ თურმე კაბადოკიიდან მომავალ წმ. ნინოს ანაგაში შეუსვენია და აქედან გაუგრძელებია გზა. ამბობენ აქ იმიტომ აუგიათ ეს ეკლესიაო. იმ ადგილს სადაც ეს ეკლესიაა აგებული გალავანს ეძახიან. ერთი ლეგენდა მოგვითხრობს: ეკლესიაში მისულა ერთი კაცი გვარად ნადირაშვილი, რომელსაც ღვთისმშობლის ხატისთვის მთვრალს, თოფი უსვრია. იმ დროს ეკლესია მოქმედი ყოფილა. მღვდელს სასამართლოსთვის მიუნდვია ამ საქმის გამოძიება. ნადირაშვილის ძმებს მღვდლისთვის უთხოვიათ: ოღონდ ჩვენს ძმას ნუ დასჯით და ეკლესიას გალავანს შემოვავლებთო. მას შემდეგ ამ უბანს გალავანს ეძახიან.

 

 

 

 

 

  ღვთისმშობლის შობის ეკლესია

 

ღვთისმშობლის შობის ეკლესია ზარიაულის უბანში, ცივ-გომბორის მთის კალთაზეა აღმართული და გადმოჰყურებს იმ გზას, რომელიც ანაგას სიღნაღთან აკავშირებს. იგი X-საუკუნით თარიღდება. ეკლესიის სარკმლის ქვეშ თეთრი რიყის ქვაზე შინდისფრად დაფიქსირებული მხედრული წარწერა გვაუწყებს, რომ 1869 წელს მისთვის კრამიტი დაუხურავს აბრამ დიაკვანს. ღვთისმშობლის შობის ეკლესიაც აგებულია ქვით და ქართული აგურით.

 

 
June 2017
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სსს