ტიბაანი

სოფლის ისტორია და ტოპონიმიკა

ერთ-ერთი გადმოცემის მიხედვით ნათელი ხდება, რომ სოფელი ტიბაანი მე-17 საუკუნის მეორე  ნახევრაში უნდა დაარსებულიყო. ამ გადმოცემის თანახმად, შაჰ -აბასის შემოსევის შემდეგ კახიდან წამოსულა 7 კომლი და დასახლებულა ტიბაანის ტერიტორიაზე.
შეუძლებელია დამტკიცება, რომ კახიდან მოვიდა ტიბაანის თავდაპირველი მოსახლეობა, მაგრამ ამ ცნობის ჭეშმარიტებაზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ სოფელში 7 ძირითადი გვარი ცხოვრობს, ესენია: გურაშვილები, ლათიბაშვილები, მასურაშვილები, ხატიაშვილები, ათანელიშვილები, ალავერდაშვილები და ონანაშვილები. სხვა გვარები მოგვიანებით მოსულან.
სოფლის ის ტერიტორია, სადაც დღეს ხირსის მონასტერი მდებარეობს, ოდიდგანვე დასახლებული იყო. ამას მოწმობს როგორც ისტორიული, ისე არქეოლოგიური მასალა.
ტიბაანი მდიდარია ტოპონიმიკური მასალით. აქ 80 სახელწოდება მაინც არის, რომელთა უმრავლესობა სოფლის ისტორიულ წარსულთანაა დაკავშირებული.
„ხირსის მონასტერი“ აშენებულია მე-6  საუკუნეში წმინდა სტეფანე პირველმოწამის სახელზე. ამ მონასტრის შესახებ ვახუშტი ბაგრატიონი თავის ნაშრომში  წერს – „მუნ  მოვიდა სტეფანოზ და ზენონ და აღაშენეს ეკლესია დიდი გუმბათოვანი  და კეთილად ნაშენი“. სტეფანოზი და ზენონი ეკუთვნოდნენ იმ ცამეტ ასურელ მამათა რიცხვს, რომელთაც საქართველოში იქადაგეს ქრისტიანობა.

„ნაკოშკარი“ სოფლის ზემოთ მაჩხაანის მიჯნასთან მდებარე ადგილს ჰქვია. წინათ აქ იყო ციხე-სიმაგრე. როდესაც სოფელს მტერი შემოესეოდა ხოლმე,  მოსახლეობა ამ ციხეს აფარებდა თავს. ახლა ეს კოშკი აღარ არის და ამ ადგილს „ნაკოშკარი“ ჰქვია.
„ნიშანსახლარი“ – წინათ, როცა სოფელს მტერი შემოესეოდა, სანიშნებლად ერთ ადგილზე დაანთებდნენ ცეცხლს და ხალხს აცნობებდნენ მტრის შემოსვლას. ხალხი ციხეს აფარებდა თავს. აქვე იყო სახლიც, რომელშიც ყარაული ცხოვრობდა. ნიშანსახლარი საყარაულოს წვერთან ახლოს იყო. „საყარაულოს წვერი“ გედიქის ხევის აღმოსავლეთით აღმართულ მთას ჰქვია. აქედან ყარაული თვალყურს ადევნებდა ალაზნის ველს და მტრის გამოჩენას ცეცხლის დანთებით ატყობინებდა ხალხს.
„ბუტრანაანები“ სოფლის ბოლოს ვენახებით დაფარულ მინდორს ჰქვია. ეს სახელი მან სეტყვის გამო მიიღო. სეტყვა ვენახებს ისე ანადგურებდა, თთქოს აქ საქონლის ჯოგს უბუტრავნიაო. აქ მთავრდებოდფა სოფლის ვენახები. მის ქვემოთ იწყებოდა სახნავ-სათესი და სათიბი მინდორი.
ისმის კითხვა, როგორ გაჩნდა ალაზნის ველზე ეს გორაკები ანუ თეფები? თეფები წარმოადგენს ხელოვნურად ამაღლებულ ყორღანებს,  სადაც დასაფლავებულნი არიან გვაროვნული წყობილების დროს გვარის ან ტომის ბელადები.

ტიბაანი წარსულში- ლეგენდები და ძველი ტრადიციები

ტიბაანის მოსახლეობის 95% ღარიბი გლეხები იყვნენ. ძველად აქ გლეხობა ჩალურ ქოხებში ცხოვრობდა. ქოხებს არ ჰქონდა საკვამლე მილები და ბოლი ღია კარებიდან ან ჭერიდან გადიოდა. ღამით ქოხებს ანათებდნენ ქონის ან ნავთის ჭრაქებით. ქოხის მთელი მოწყობილობა იყო ერთი ტახტი,გრძელი სკამი და მაგიდა. ხშირი იყო სიკვდილიანობა, განსაკუთრებით ბავშვებში, რადგან არ იყო ექიმი და ავადმყოფებს ექიმბაშები და მკითხავები „მკურნალობდნენ“.
სოფელში გამორჩეულად აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, სადაც  ახლო-მახლო სოფლების მცხოვრებლების იყრიდნენ თავს. ხშირად ამ სანახაობებზე გაცნობილი ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ კიდეც. სოფლის გართობის ადგილი იყო საქანელა, რომელსაც თებერვალში აბამდნენ. სოფლის ახალგაზრდობა საქანელაზე გვიან ღამემდე რჩებოდა. იმართებოდა ცეკვები და სიმღერები.
სოფლის ყრილობა  ტიბაანში
ქიზიყში ძველთაგანვე არ იყო ბატონყმობა. მას უბატონო თემს ეძახდენენ. ქიზიყელი გლეხები სახელმწიფო გლეხთა კატეგორიას ეკუთვნოდნენ. მთლიანად ქიზიყს რუსეთთან შეერთებამდე მართავდა მეფის მიერ დანიშნული მოურავი,  როცა საქართველო რუსეთს შეუერთდა, მაზრას განაგებდა რუსეთის მოხელე. მაზრის ბოქაული პოლიციელთა თანხლებით სეტყვასავით დაატყდებოდა ხოლმე გლეხებს თუ კი აღმოაჩენდა ბუნტს, რომელიც არსებული წყობილების წინააღმდეგ იქნებოდა მიმართული, ან თუ გლეხები არ გადაიხდიდნენ დაწესებულ გადასახადს. სოფლის კეთილმოწყობის ან წესრიგის დაცვის შესახებ კი ისინი არაფერს ფიქრობდენენ.
ქიზიყის სოფლის ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა სოფლის ყრილობა, ანუ როგორც ძველად მას ეძახდნენ „სოფლობა“. სოფლის ყრილობას იწვევდა სოფლის მამასახლისი ან თვით სოფელი რაიმე მნიშვნელოვანი საკითხის გადასაწყვეტად. ყრილობის მოწვევის ამბავს სოფელს ატყობინებდა გზირი. ის ადიოდა სოფლის შუაში მდებარე მთაზე და აქეთ-იქით ხეობაში მცხოვრებ ხალხს გადასძახებდა : -„ ხალხო, დღეს სოფლობაა და გამოდით! “.
ყრილობაზე დასწრების უფლება ჰქონდათ სრულწლოვან მამაკაცებს. ბავშვებსა და ქალებს ყრილობაზე დასწრება არ შეეძლოთ. წესი იყო, რომ ყველა ოჯახიდან ყრილობას ერთი მამაკაცი მაინც უნდა დასწრებოდა.
ყრილობა  იმართებოდა სოფლის ცენტრში ( დიმიტრი ბეჟანიშვილის სახლის გვერდით ), ფერდობზე. აქ იდგა რამდენიმე აკაკის ხე,  ერთი მათგანი ახლაც დგას. მათ ჩრდილში თავის მოყრა უყვარდათ სოფლის მამაკაცებს თავისუფალ დროს. აქვე იყო სავაჭრო დუქნები, სამიკიტნო, საპარიკმახერო და სამჭედლო. თავშეყრილი ხალხი ხეების  ჩრდილში ჩამომსხდარნი ან წამოწოლილნი უსმენდნენ ყრილობის მსვლელობას.
ყრილობას ხელმძღვანელობდა მამასახლისი. იწერებოდა ოქმი, რომელსაც  სოფლის მწერალი წერდა ( ბოლო ორი-სამი ათეული წლის განმავლობაში სოფლის მწერალი იყო კოტე ალავერდაშვილი, რომელსაც სოფლის მცხოვრებნი კოტე მწერალს ეძახდნენ ). სოფლობას ზოგჯერ მაზრის რომელიმე მოხელე ესწრებოდა ხოლმე.
ყრილობა იხილავდა სოფლის ყველა საჭირბოროტო საკითხს. მაგალითად: მამასახლისის არჩევა, ოჯახის გაყოფა, სხვადასხვა ოჯახს შორის წარმოშობილი დავის საკითხები, მიწის განაწილება, ხვნის, თესვის, მკის, თიბვის და რთვლის დაწყების, აგრეთვე გადასახადების გაწერის და აკრეფის საკითხები. ყრილობა განიხილავდა ისეთ საკითხებსაც, რომელსაც მეფის მოხელენი ყურადღებას არ აქცევდნენ. მაგალითად, სოფლის კეთილმოწყობა და წესრიგის დაცვა.
ყრილობას ხსნიდა მამასახლისი. ყველა საკითხის მიღება ხდებოდა კენჭისყრით ე.ი. ხელის აწევით. ხშირად, აზრთა სხვაობის გამო, ყრილობის მონაწილეთა შორის მწვავე კამათი იმართებოდა.
ყრილობა მამასახლისს სოფლის გლეხებიდან ირჩევდა. ის მეფის მთავრობის ყველა დადგენილების აქტიური შემსრულებელი იყო. იგი თვალყურს ადევნებდა სოფელში არსებულ წესრიგს და თუკი აღმოაჩენდა რაიმე შეთქმულებას მთავრობის წინააღმდეგ მიმართულს, აცნობებდა ხელმძღვანელობას. მამასახლისის არჩევის ვადა კანონით არ იყო განსაზღვრული. ვინც თავს გამოიჩენდა კარგი შრომით, მას ამ თანამდებობაზე დიდხანს ტოვებდნენ. ტიბაანელი მამასახლისები მთავრობისგან ხელფასს არ იღებდნენ. მას ჰქონდა ბეჭედი, რომელსაც მნიშვნელოვან დოკუმენტებს და გაცემულ ცნობებს დაუსვამდა ხოლმე. ბეჭდის დასმაში მამასახლისი გლეხებისგან ფულს იღებდა.
ქიზიყელ გლეხებს მუდმივ სარგებლობაში ჰქონდათ მიწის ნაკვეთები, სადაც ედგათ სახლი. ვენახი და კალო სოფლის გარეთ ჰქონდათ, ხოლო სახნავ-სათესი, სათიბი მიწის ნაკვეთები, აგრეთვე საძოვრები ალაზნის ველზე იყო გადაშლილი და სოფელს ეკუთვნოდა. სოფელში მცხოვრებ ყველა გლეხს სახნავ-სათეს მიწაზე და საძოვარზე სარგებლობის თანაბარი უფლება ჰქონდა. მიწა ნაწილდებოდა ყველა ოჯახზე, მამაკაცთა რიცხვის მიხედვით. ქალებს მიწას არ აძლევდნენ. ოჯახში ვაჟი რომ დაიბადებოდა, მალევე ატარებდნენ აღრიცხვაზე, რომ მიწის განაწილებისას წილი მიეღო. მიწის განაწილება ხდებოდა ყრილობაზე ოთხ-ხუთ წელიწადში ერთხელ. ზოგჯერ სახნავ მიწას ყველა ოჯახს თანაბრად აძლევდნენ, მაგრამ უხარკამეჩო გლეხებს მისი დამუშავება უჭირდათ. მათ მიწებს ხშირად კულაკები ხნავდნენ.
ყრილობა იხილავდა მკის, ხვნა-თესვის და რთვლის დაწყების საკითხებს. ამ სამუშაოებს ერთად არ იწყებდნენ, რომ გლეხები ერთმანეთს დახმარებოდნენ. ყურძენი იქამდე არავის უნდა დაეკრიფა, სადამ კარგად არ დამწიფდებოდა. ერთხელ ერთმა გლეხმა დათქმულ დროზე ადრე დაკრიფა ყურძენი და ურმით შინ მიჰქონდა. გლეხებმა რომ დაინახეს, განრისხდნენ, ეცნენ ურემს გადააბრუნეს და ყურძენი ფეხით დაუჭყლიტეს. ქიზიყელი გლეხები მიწით სარგებლობისთვის გადასახადს სახელმწიფოს უხდიდნენ. ამას ისინი „ფოშტის ფულს“ ეძახდნენ. სახელმწიფო მიწის ფართობის მიხედვით გადასახადს სოფელს აწერდა. ყრილობა გადასახადის შესახებ ითათბირებდა და ყველაზე გაჭირვებულ გლეხებს გადასახადისგან გაათავისუფლებდა. ყრილობა ირჩევდა თორმეტი კაცისგან შემდგარ კომიასიას. ის მთლიან თანხას ანაწილებდა ცალკეულ ოჯახზე.
მეფის მთავრობა მკაცრად სდევნიდა არსებული წყობილების წინააღმდეგ მებრძოლთ და არ ფიქრობდა საერთო დისციპლინის დამყარებაზე. ხშირი იყო ქურდობა. იპარავდენენ ცხენებს, ძროხებს, კამეჩებს და სხვა პირუტყვს. სოფელმა იცოდა ქურდების ვინაობა, მაგრამ ხმას ვერ იღებდნენ, რადგან მათი ეშინოდათ. მაზრის ხელისუფალნი კი მათ ყურადღებას არ აქცევდნენ. ბოლოს სოფელი შეწუხდა. ერთ-ერთი დამნაშავე სოფლის ყრილობაზე გაასამართლეს, დაუმტკიცეს დანაშაული, შეარცხვინეს და ცალი ულვაში ჩამოპარსეს. სოფელი უფრო მკაცრად გაუსწორდა დარჩენილ დამნაშავეებს. მათ არაერთხელ იქურდეს. სოფელმა გააფრთხილა ისინი, მაგრამ ამაოდ. მათ დანაშაულზე წაასწრეს და აღშფოთებულმა სოფელმა ისინი ჩააქვავა.
ყრილობა ზრუნავდა სოფლის კეთილდღეობაზე. მისი დადგენილებით მთელი სოფელი აკეთებდა სასოფლო და საუბნო გზებს, აგრეთვე სარწყავ ქსელსა და სხვა. ყრილობა სოფლისთვის მოსამართლეც იყო და ჭკუაზე დამრიგებელიც. ხშირად იგი დაუწერელი კანონებით მოქმედებდა. მისი ბევრი დადგენილება სოფლისთვის კეთილდღეობის მომტანი იყო.

ლეგენდა მუსაანთ ქალზე

ძველ დროს ტიბაანელი გლეხები მარილის მოსატანად აღზევანს წასულან ურმებით. გზად თათრების სოფელში გაუვლიათ. გზის პირას აივნიანი სახლი მდგარა. აივანზე მჯდარა მოხუცი ქალი, რომელსაც ქართული ლაპარაკი გაუგია, გახარებია და მგზავრებისთვის უკითხავს – ქართველებო საიდან ხართ ან სად მიდიხართო? როცა მგზავრებმა მოხუცს უთხრეს, რომ  ტიბაანიდან იყვნენ და აღზევანს მიდიოდნენ მარილზე, მოხუცს სიხარულისგან თვალებზე ცრემლები მოსდგომია და უთქვამს, მეც ტიბაანელი ვარ, მუსაანთ ქალიო. მოხუცს ტიბაანელებისთვის უამბია თავისი ისტორია: როცა ის ახალგაზრდა იყო, სოფლის ბოლოს   მდინარეზე სარეცხი  გამოუტანია გასარეცხად, რეცხვის დროს ლეკებს შეუმჩნევლად მდინარე გადმოუცურავთ, მისცვივნიან  ქალს და გაუტაციათ. ტიბაანელები გამოედევნენ და ვერ დაეწივნენ. ლეკებს ის თათრებისთვის მიუყიდიათ, მას შემდეგ ის აქ ცხოვრობს, შვილებიც ჰყავს,  ქმარი კი მოკვდომია. ტიბაანელები დამშვიდობებიან მოხუცს და წასულან აღზევანს ხოლო უკან დაბრუნებისას ქალი ცოცხალი აღარ დახვედრიათ. მუსაანთ ქალის გატაცება სინამდვილეში უნდა მომხდარიყო. ამას ისიც ადასტურებს, რომ  იმ დროს ტიბაანელებს ლექსიც შეუქმნიათ  გატაცებულ ქალზე. ლექსი გატაცებულ მუსაანთ ქალზე ჩაწერილი აქვს ვ. კოტეტიშვილს წიგნში   „ქართული ხალხური პოეზია.“
მანდ რომ  დავიკარგე
მანდ რომ ქალი დავიკარგე,
განჯის თათარსა ვყევარო,
ქიშმიშით გასუქებული
გაბადრულ მთვარეს ვგევარო .
მაცვია სიასამური
მაშიებზე ვდგევარო,
დღისით მიყრია ბორკილი
ღამე შუაში ვწევარო.
ტალიკ-ტალიკო ვაჟკაცნო
მოსადევ მოსადევარნო,
მოკრიფეთ თითო შაური
მიხსენით, თქვენი ტყვე ვარო.
წინ ოქროს სინი მიდგია
კვიცის ხორცი მიწყვიაო.
მინდა და ვერ მიჭამია
რჯული ვერ დამიგდიაო.
უკანასკნელი სტროფი წიგნში არ არის შეტანილი, იგი ხალხშია ჩაწერილი.

 

 

სოფლად შემორჩენილი ინფორმაცია ტექნოლოგიებზე

საწნახელი

 

 

სანამ ყურძნის  წარმოება დიდი მასშტაბებით დაიწყებოდა,  კახეთში  და სოფელ ტიბაანშიც ფართოდ იყენებდნენ ხის საწნახელს. მისი დამზადების ტექნოლოგია მხოლოდ მოხუცებმაღა იცოდნენ, დღეს კი მისი დამზადების ტექნოლოგია თითქმის  აღარავინ იცის. საწნახელს შემდეგნაირად ამზადებდნენ – ტყეში წინასწარ შეარჩევდნენ  თელის, ცაცხვის  ან ვერხვის ხეს. მოჭრილ ხეს საჭირო ზომაზე გაჭრიდნენ. საწნახელის სიგრძე საშუალოდ  4-5 მეტრი იყო,  მოჭრილ ხეს ჯერ ცულით ქერქს გააცლიდნენ, დააკოპიტებდნენ, შემდეგ  კი ეჩოთი იწყებდნენ ხის გამოთლას . როცა გულს მთლიანად ამოთლიდნენ,  შემდეგ საწნახელის ძირსა და გვერდებს ცულით გაასუფთავებდნენ . საწნახელის ფსკერის და გვერდითი კედლების სისქე საშუალოდ 8-10 სანტიმეტრი უნდა ყოფილიყო . საწნახელის ფსკერს ისე თლიდნენ , რომ თავიდან და ბოლოდან ფსკერი უნდა დაქანებული ყოფილიყო ცენტრისკენ.  დაქანების ბოლოს , საწნახელს წინა მხარეს უკეთდებოდა ნახვრეტი , საიდანაც  მიდიოდა დაწურული ბადაგი. საწნახელი იდგმებოდა მარნის უკანა მხარეს,  კედლის ძირზე .
საწნახლის წინა მხარეს ჰორიზონტალურად ეკვრებოდა  20-25 სანტიმეტრი  სიგრძის ფიცარი. ამ ფიცარზე დაღლილი მწურავი ჩამოჯდებოდა და ისვენებდა.

 

 

წყლის წისქვილები

 

 

ტიბაანი უხსოვარი დროიდან განთქმული იყო წყლის წისქვილებით. სოფლის ბოლოდან ოზაანის მიჯნამდე ორმოცამდე წისქვილი იყო. გედიქის ხეობა მდიდარი იყო წყლით, წყალი თავწყაროდან, გამარჯვებიდან, არბოშიკიდან და უკანა მხარის ხეობებიდან მოედინებოდა. ხირსის წყალი ერთი საუკუნის წინ იმდენად დიდი იყო, რომ ნავებით გადადიოდნენ და ეს პირობები იდიალური იყო წყლის წისქვილებისათვის. წისქვილი ზოგჯერ რამდენიმე კომლს ეკუთვნოდა ერთდროულად. საზიარო წისქვილებში დაწესებიული იყო რიგი. წისქვილები გედიქის ხევზე იყო განლაგებული მარცხენა მხარეს. კოკისპირული წვიმენის დროს მოვარდნილი ნიაღვარი წალეკავდა ხოლმე სადინრებს და ზოგჯერ წისქვილებსაც. სოფელში ბევრიო კარგი მეწისქვილე იყო. თავდაპირველად წისქვილები ქვედასაცემიანი იყო. 1943 წელს აიგო ზედასაცემიანი წისქვილი.

რეპრესირებულთა ისტორია
ბესიკ  ხატიაშვილი – დაიბადა 1887 წელს , 1937 წელს კი გადაასახლეს. გადასახლების დღეს იგი ვენახში იმყოფებოდა. სახლში რომ დაბრუნდა, მისი დარგული თუთის ხე კოლმეურნეების მიერ მოჭრილი დახვდა, აბრეშუმის ჭიისათვის  ხის მოჭრა ძალიან ეწყინა და უკმაყოფილება ხმამაღლა გამოთქვა. ეს მეზობელმა გაიგონა და დააბეზღა, რის შემდეგაც ის დააპატიმრეს და კომუნისტური წყობის მიმართ ურჩობის და ქვეყნისთვის ზიანის მიყენების მიზნით თამბაქოს უკუღმა დარგვა დააბრალეს. გადასახლებიდან ერთ წელიწადში გარდაიცვალა.
აბრამ გიორგის ძე – ტყვედ ჩავარდა მეორე მსოფლიო ომის დროს. მას 25 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს მაგრამ ამინისტიის საფუზველზე 17 წლიანი პატიმრობის შემდეგ, ტიბაანში თავის ოჯახს დაუბრუნდა.
ზურაბიშვილი ილია – მეორე მსოფლიო ომის მონაწილე, ომში ტყვედ ჩავარდა. შემდეგ მოხვდა საფრანგეთის არმიაში, იბრძოდა გერმანელების წინააღმდეგ. ომის დამთავრების შემდეგ ის ჩამოვიდა ტიბაანში და გასამართლებულ იქნა  სამშობლოს ღალატისთვის, მიზეზი  გერმანელებთან ტყვედ ჩავარდნა იყო. ზურაბიშვილი ილია გააციმბირეს. მან იქ რამდენიმე წელი დაჰყო და ისევ თავის სოფელში დაბრუნდა.  გარდაიცვალა 2001 წელს  .

 

 

განათლება

 

 

1896 წელს ხირსის მონასტერთან გახსნილა ორკლასიანი სამრევლო სკოლა ოთხწლიანი სწავლებით. ეს იყო პირველი საგანმანათლებლო დაწესებულება ტიბაანში. ის რელიგიურ ხასიათს ატარებდა. ძირითადი სასწავლო საგანი იყო საღვთო სჯული. აქ აგრეთვე სწავლობდნენ წერა – კითხვასა და ანგარიშს. მასწავლებლები სამღვდელო პირები იყვნენ. სკოლა მოთავსებული იყო ხირსის მონასტრის გალავანში. მისი შენობის ნანგრევები ახლაც დგას მონასტრის ჩრდილო – დასავლეთ კედელთან. აქ მიიღო დაწყებითი განათლება ცნობილმა ქართველმა მწერალმა სანდრო შანშიაშვილმა. იგი ამას იუწყება თავის ავტობიოგრაფიაში.
სამრევლო სკოლამ იარსება 1912 წლამდე, რადგან მონასტრის ეზოში სკოლა დანგრეულა. იმავე წელს გახსნილა დაწყებითი ორწლიანი სკოლა სოფლის ბოლოს, იქ სადაც ცხოვრობენ იური ხარაშვილი და კოტე ბოლღაშვილი. სკოლის შენობა თავდაპირველად საცხოვრებელი სახლი ყოფილა, რომელიც ჩამოურთმევიათ მისი მფლობელსათვის.
1925 წელს სკოლა გადაკეთდა შვიდწლიანად და გადატანილი იქნა აზნაურ ნაცვლიშვილის სახლში. ის ატარებდა გლეხთა ახალგაზრდობის სკოლის სახელწოდებას. აქ სხვა საგნებთან ერთად ისწავლებოდა აგრონომია და ჭრა – კერვაც.
შვიდწლიან სკოლაში ძირითადად მოსული მასწავლებლები ასწავლიდნენ.
1935 წელს გლეხთა ახალგაზრდობის სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად. ვინაიდან სალკლასო ოთახები საკმარისი არ იყო, მას მიუშენეს ოთხი ოთახი. 1939-1940 წლებში მოსწავლეთა რაოდენობამ 500-ს გადააჭარბა.
ტიბაანის სკოლას უკვე ვეღარ აკმაყოფილებდა ნაცვლიშვილების სახლი. 1969 წლის პირველ სექტემბერს სასწავლო პროცესი დაიწყო ახალ სამსართულიან შენობაში, რომელიც სპეციალურად სკოლისთვის აშენდა. აქ მთლიანად შეიცვალა ავეჯი და აღიჭურვა ლაბორატორიები.
ტიბაანის საჯარო სკოლაში, გარდა ტიბაანელებისა, 70-იან წლებში მრავალი სხვა მოსწავლე სწავლობდა: ძველი ანაგიდან, ჯუგაანიდან, ოზაანიდან, მირზაანიდან და არბოშიკიდან, რადგან მაშინ ამ სოფლებს საკუთარი საშუალიო სკოლა არ ჰქონდათ.

 


ხირსის მონასტერი

ხირსის მონასტერი წმინდა სტეფანე ხირსელმა ააშენა წმინდა პირველმოწამე, მოციქულ და მთავარდიაკონ სტეფანეს სახელზე.
ეკლესიის საუკეთესო სამკაულს წარმოადგენდა მისი უდიდესი და უძველესი სიწმინდე – წმინდა პირველმოწამე სტეფანეს ნეკი თითი, რომელიც სავარაუდოა მოუტანია თვით ღირს სტეფანეს, მაგრამ, ეს სიწმინდე ჯერჯერობით სხვა სავანეშია. ნეკის ბუდეზე არის ქართული წარწერა, რომელიც ადასტურებს, რომ სიწმინდე ნამდვილად ხირსის მონასტერს ეკუთვნის. სიწმინდე ბრძანდება ბოდბის დედათა მონასტერში. მიუხედავად ხირსის მონასტრის ყოფილი წინამძღვრის არქიმანდრიტ ლეონიდეს შუამდგომლობისა, იღუმენია იუბენალია I არ დათანხმდა მონასტრისთვის დაებრუნებინა სიწმინდე, რომელიც არეულობის წლებში, მტრისგან დაცვის მიზნით, დროებით გადაუტანიათ ბოდბის მონასტერში.
ქართულ ისტორიულ წყაროებში ნახსენები არ არის, რატომ იწოდება მონასტერი ხირსის მონასტრად. ზოგი ფიქრობს, რომ სახელი მომდინარეობს ქართული სიტყვიდან ”ღირსი”, რომელიც გარდაქმნილა ხირსად, ზოგი კი უკავშირებს დღეს უკვე გამქრალ მდინარეს, ხირსას, რომელიც ძველ დროს მონასტერთან ახლოს მოდიოდა და საკმაოდ წყალუხვიც იყო. ასევე არსებობს ვარაუდი, რომ თვით წმინდა სტეფანეს შეეძლო გადმოეტანა ეს დასახელება სირიიდან საქართველოში.
წმ. სტეფანეს ეკლესიაში კომუნისტების შემოსვლის დროს მღვდელი იყო ვასილ ათანელიშვილი, რომელიც აიძულეს, რომ ბუღალტრად დაეწყო მუშაობა სოფელ ტიბაანთან ახლოს არსებულ ქუმბათის მეურნეობაში, მაგრამ, მიუხედავად ამისა, ხალხი მაინც მიდიოდა მასთან გარდაცვლილებისთვის მარილის საკურთხებლად.
ეკლესიას ჰქონდა დიდძალი ვენახები, წისქვილები და ჰყავდა საქონელი. ისინი მოვლას საჭიროებდნენ და რადგან სასულიერო პირები ამდენ საქმეს ვერ აკეთებდნენ, სოფელში მცხოვრები მამაკაცები უსასყიდლოდ ეხმარებოდნენ მათ და თავიანთ ფიზიკურ შრომას სწირავდნენ მონასტერს. მათ კურატები ერქვათ. ჩნობილია, რომ ლათიბაშვილები მონასტერს შეწირული გლეხების გვარია.
ერთ-ერთი კურატად ნამყოფი გოგია ონანაშვილი ყვება: ეკლესიას ჰქონდა ურემი, ვიღაცამ მოიპარა, ერთი კვირის შემდეგ ძეძვით დატვირთული ურემი მოადგა ეკლესიას. არავინ იცის ქურდს რა დაემართა.
ეკლესიაში იყო გამორჩეული სიდიდისა და ხმის მქონე ზარები. კომუნისტების შემოსვლისას ეკლესიაში ჩააყენეს ჯარის ნაწილები. ჯარს დაავალეს ზარის ჩამოხსნა, რაზედაც ქრისტიანმა ჯარისკაცებმა უარი განაცხადეს, რის შემდეგაც მუსულმანმა ზემდეგმა ჩამოხსნა ზარი.
ეპისკოპოსი კირიონი თავის ნაშრომებში წერს: მონასტრის ეზოში ყოფილა მშვენიერი წყაროს წყალი. იგი გამოდიოდა მონასტრიდან ორ ვერსზე არსებული წყაროდან, რომელიც ატარებს კოდის წყაროს სახელს. დროთა განმავლობაში თიხის მილები დაბინძურდა და წყალი შეწყდა. სოფელში დღესაც შემორჩენილია თიხის მილები, დაახლოებით ერთი კილომეტრი სიგრძისა, სავარაუდოდ, ეს სწორედ ის მილები გახლავთ.
კოდის ხევი და მის პარალელურად გამავალი გზა აკავშირებს სოფელ ტიბაანსა და ქვემო მაჩხაანს. ამ გზაზე დღესაც დგას ჭადარი, სადაც ამოდის ცივი და გემრიელი წყალი. მონასტერში წყალი ამ ადგილიდან უნდა მიეყვანათ.
საბჭოთა დიქტატურის პერიოდში მონასტერმა დაკარგა მნიშვნელოვანი კულტურული სიმდიდრე. კომუნისტებს ტაძრიდან გამოჰქონდათ ხელნაწერები და ცეცხლს უკიდებდნენ, შემდეგ სამრეკლოდან ჯვარი მოხსნეს და ზარი ჩამოიღეს. არის ასეთი ლეგენდა: როდესაც ზარი მიწაზე დაეცა, მისი ხმა საინგილოში გაიგონეს. გემი, რომლის აგებაშიც ის მასალად გამოიყენეს, ზღვაში პირველივე გასვლისთანავე ჩაიძირა.
საძმოს საცხოვრებელი სახლი ჯერ კოლმეურნეობის კანტორად აქციეს, შემდეგ საწყობად, ლტოლვილების საცხოვრებლად, თეატრად, საბავშვო ბაღად, მუსიკალურ სკოლად. ტაძარს მოხსნეს ყველანაირი ხის მასალა და დაწვეს, გაანადგურეს ფრესკები. წმინდა გიორგის ზეთოვანი საღებავებით შესრულებული გამოსახულება გადარჩენილი იყო და მის გასამაგრებლად მოიწვიეს პროფესორი კარლო ბაკურაძე. მან თქვა რომ ფრესკა ახალი, რუსლი იყო და მის შემაგრებას აზრი არ ჰქონდა. შემდეგ ეს ფრესკა გაჯით გადალესეს.
გაპარტახებული ეკლესიის აღდგენისთვის გასული საუკუნის 70 – იან წლებში შეიკრიბნენ თანამოაზრენი. სამუშაოების დროს ნაპოვნი იქნა მიწაში ჩამარხული სამრეკლოს ჯვარი. კომუნისტების მიერ განადგურებული ტაძარი 1991 წელს კვლავ ამოქმედდა.

  

მასალა დამუშავდა პროექტის  ”აქტიური ახალგაზრდობა – დაცული კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში, ,,კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგისა” და ,,სამოქალაქო ინიციატივის” მიერ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობას იღებენენ ტიბაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები:

 

თინათინ გურაშვილი;
ხატია პაპალაშვილი;
ავთანდილ მაისაშვილი.
 
November 2017
M T W T F S S
« Oct    
 12345
6789101112
13141516171819
20212223242526
27282930  
სსს