მაჩხაანი

სოფლის შესახებ

სოფელი ქვემო მაჩხაანი მდებარეობს სიღნაღის მუნიციპალიტეტში, სიღნაღიდან 16 კილომეტრის მოშორებით. იგი სიღნაღის  ერთ-ერთი ძირძველი სოფელია. გამოიყოფა შემდეგი  უბნები: ბალაბანა, ნარზანი, ორნავი, ახალი უბანი და ფანიანი. ქვემო მაჩხაანი ქიზიყის ცენტრი ხდება უკვე მე-19 საუკუნეში. სიღნაღში იყო მაზრა,  მაჩხაანი კი სამაზრო სოფელი გალდათ. აქ იმართებოდა ბაზრობები და მეზობელი სოფლებიდან ხალხი სწორედ მაჩხაანში ვაჭრობდა. Gამის გარდა, სოფელი აქტიურად იყო ჩართული ქიზიყის კულტურულ ცხოვრებაში, მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს ქიზიყელი ინტელგენციის თაოსნობით აქ იხსნება თეატრი, სამკითხველო, სკოლა, ქსენონი და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები. სოფლის იმდროინდელ აქტიურ ცხოვრებას ფართოდ ეხმაურება მაშინლედ საქართველოში მოქმედი გაზეთები, ,,ივერია”, ,,დროება”, ,,ცნობის ფურცელი”, ,,მახვილი”, ,,თეატრი და ცხოვრება” . დაახლებით ასმადე სტატიას მივაკვლიეთ, რომელიც კარგად ასახავს ქიზიყისთვის ქვემო მაჩხაანის როლსა და მნიშვნელობას.
მე – 19 საუკუნის ეკონომიკურად და კულტურულად ასე მტკიცე, ძლიერი სოფელი, რომელიც სრული სახითაა მოღწეული ჩვენამდე, ბევრი არ მოგვეპოვება.
სოფელში შესანარჩუნებელია არა მარტო ცალკეული ნაგებობები, არამედ-მთლიანად ურბანული განაშენიანება.

 

განათლება

 

ქვემო მაჩხაანში პირველი სკოლა  1884 წელს უნდა აშენებულიყო. ამას ვვარაუდობთ 1885წ  ,,დროების“  სტატიიდან,სადაც წერია,რომ ,,სიღნაღის მაზრის უფროსის მეცადინეობით აშენდა ორი სკოლა.ერთი სოფელ ბოდბისხევში და მეორე ქვ.მაჩხაანში.მომავალ ზაფხულში კარდენახშიც აპირებს ამგვარი შენობის აგებას“.
ეს სკოლა იყო ბალაბანაზე. აქ მოსწავლეები იღებდნენ ოთხწლიან განათლებას.ამის შემდეგ ისინი სწავლას აგრძელებდნენ  დღევანდელი ამბულატორიის შენობაში, აქაც  ოთხი წელი სწავლობდნენ.  1903 წელს აშენდა შენობა,რომელიც დღესაც არის ახლანდელი სკოლის ეზოს ტერიტორიაზე. იგი თავდაპირველად იყო თავადის სახლი, შემდეგ – ტექნიკუმი, რომელიც  წნორში გადაიტანეს  და ამ შენობას სკოლის ფუნქცია  მიეცა.
ამ პერიოდში მეზობელ სოფლებში სკოლები არ იყო და მოსწავლეები ქვემო მაჩხაანის სკოლაში დადიოდნენ.
ამ დროს აქ 1500-მდე მოსწავლე იყო. შენობა სამსართულიანია,აქვს საინტერესო არქიტექტურა, თუმცა  დანგრევის საშიშროების წინაშეა. ქვემო მაჩხაანის საჯარო სკოლა,სადაც დღეს სწავლობენ  მოსწავლეები, აშებულია 1929 წელს.ყველაზე მეტი ბავშვი ამ შენობაში 1986-87 წლებში იყო – 200 მოსწავლე…
დღესდღეობით  აქ 96 მოსწავლეა.სკოლა არის კომპიუტერული ტექნიკით უზრუნველყოფილი. ასევე, სკოლის დაარსებიდან დღემდე, ქვ.მაჩხაანში განათლების დონე უწყვეტლად ვითარდება, მაგრამ ბავშვების რაოდენობა იკლებს.

 

 

თეატრი
ქვემო მაჩხაანის  ცენტრში დგას მოზრდილი ნაგებობა, იგი  XIX საუკუნის მიწურულს აუგიათ ადგილობრივი ინტელიგენციის თაოსნობით. თანადროულ პერიოდულ გამოცემებში, მაგ: გაზეთ „ივერიაში“ 1892 წლის N 142-ში ასეთი რამ წერია: ,,წარმოდგენის გამართვა თეატრის ასაგებ ფონდის სასარგებლოდ“.  რამდენიმე ასეთი ღონისძიებაა გაშუქებული,  უკვე აშენებულ თეატრსაც რამდენიმე სტატია ეძღვნება.მაგალითად, გაზეთი „ივერია“ 1899 წელი, N 162 -  ,,1899 წლის  ივლისს წარმოადგინეს ქვემო მაჩხაანის თეატრის ახალ შენობაში ,,ხანუმა“ ა.ცაგარელისა და ადგილობრივი სცენის მოყვარეთა დახმარებით.წარმოდგენას ქიზიყის რჩეული საზოგადოება და დიდძალი ხალხი დაესწრო (ღარიბნი უფასოდ).  წარმოდგენიდან შემოვიდა ოც თუმნამდის,რომელმაც უნდა გაისტუმროს თეატრისთვის ახლად აგებული შენობის ვალი.მაჩხაანის ინტელიგენცია აპირებს მოათავსოს წიგნთ-საცავი და სამკითხველო ახლად აშენებულ თეატრის დარბაზში,სადაც კვირა უქმე დღეებში წაუკითხავენ ხალხს ხალხური ენით დაწერილ ლექციებს,ზნეობრივს,სასოფლო-მეურნეობისას და სამკურნალოს.“
შენობას კარგ მდგომარეობაში მოუღწევია ჩვენამდე. განთავსებულია ერთი დიდი  დარბაზი ორას კაციანი პარტერით, აქვს იარუსიც.სკამები ნაგებობის თანადროულია.მათ დაუზიანებლად მოუღწევიათ ჩვენამდე და მოდერნის სტილის ავეჯის კარგ ნიმუშს წარმოადგენს.
თეატრის სცენა მოძრავი იყო. ამჟამად მოხსნილია და, მაცხოვრებლების თქმით, მარჯანიშვილის თეატრის მიერ იქნა წაღებული.თეატრს აქვს მეოცე საუკუნის მეორე ნახევარში შექმნილი ორი ფარდა.ერთი ჰესებთან მდგომი ლენინის გამოსახულებითაა,  მეორე ტყის ფერწერული ტილოა.დარბაზის გვერდით რამდენიმე სწორკუთხა სათავსი გვაქვს, ერთ-ერთი მათგანში ამჟამად კულტურის სახლია განთავსებული.
ნაგებობის     ფასადები შელესილი და შეღებილია, შენობა სადა მაგრამ მონუმენტური ფორმებით   წარმოადგენს მეცხრამეტე  საუკუნის მიწურულის  ერთ-ერთ კარგ ნაგებობას, რაც კი კახეთის რეგიონში შეიძლება იყოს შემორჩენილი. მნიშვნელოვანია მისი ფუნქცია. თეატრი, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს იხსნება სოფელში, ერთ-ერთი პირველია, არა მარტო კახეთის რეგიონის, არამედ მთლიანად აღმოსავლეთ საქართველოსთვის.
კარგადაა შემონახული თანადროული ავეჯით, პიესებით, ჩანაწერებით და თადადროული პრესის მიერ უხვად და საინტერესოდ გაშუქებული სტატიებით.

 

იტალიის ეროვნული გმირის მუზეუმი სოფელ ქვემო მაჩხაანში

 

ფორე მოსულიშვილი დაიბადა სოფელ ქვემო მაჩხაანში 1916 წელს. დაამთავრა საშუალო სკოლის 9 კლასი.  შემდეგ  სწავლა ლაგოდეხის სასოფლო-სამეურნეო ტექნიკუმში განაგრძო, რომლის დამთავრებისთანავე გაიწვიეს სამხედრო არმიის რიგებში 1939 წელს, სადაც მოუსწრო დიდმა სამამულო ომმა.
ფორე იბრძოდა ბალტიისპირეთში და ომის დასაწყისშივე ტყვედ ჩაიგდეს. იგი გადაიყვანეს ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1943 წლის დასაწყისში ტყვეთა ბანაკი, რომელშიც ფორე იმყოფებოდა გაგზავნეს ჩრდილოეთ იტალიაში.
იტალიაში ამ დროს მიმდინარეობდა პარტიზანტა ბრძოლები. ფორე ცდილობდა თავი დაეღწია ტყვეობიდან და შეერთებოდა პარტიზანებს. მან მოახერხა გაპარვა და თან გაიყოლა ქართველთა დიდი ჯგუფიც, რომელთან ერთადაც ბევრი გმირობა ჩაიდინა.
ფორეს შესთავაზეს მეთაურობა, მაგრამ მან უარი განაცხადა, რადგან იტალიურს კარგად ვერ ფლობდა. სამაგიეროდ, საკმაოდ კარგად იცოდა გერმანული ენა და როდესაც სჭირდებოდათ მოენის მოყვანა, ის იცვამდა გერმანელის ფორმას, გადიოდა გერმანელებთან და საჭირო ინფორმაციას იღებდა.
1944 წლის 3 დეკემბერს, პარტიზანთა ერთმა ჯგუფმა, ივახშმა ტერეზინა მოტას ოჯახში. ტერეზინას მამაც პარტიზანი იყო, მაგრამ ღამის გათევას იქ მოერიდნენ და მიაშურეს მეტყევის ქვის სახლს, სადაც ღამე გაათენეს.
როდესაც გათენდა, ნახეს, რომ გერმანელებს ალყა ჰქონდათ შემორტყმული. ისინი  მეთაურის დანებებას მოითხოვდნენ, რომელიც იტალიელი იყო, ის კი   ვერ ბედავდა გამოჩენას. მაშინ ფორე წამოდგა, გამოვიდა და დაიძახა: ,,მეთაური მე ვარ, მაგრამ თქვენთან ტყვეობას სიკვდილი მირჩევნია, გაუმარჯოს თავისუფლებას!’’-ეს იყო მისი უკანასკნელი სიტყვები და თავისი ხელით მოისწრაფა სიცოცხლე.
იგი დაასაფლავეს ქალაქ მეინაში, იქვე ახლოს, სადაც  გარდაიცვალა. 1970 წელს კი მისი ნეშტი გადაასვენეს ქალაქ არონაში ძმათა სასაფლაოზე, სადაც დღესაც განისვენებს.
ფორე დაჯილდოებულია სამამულო ომის პირველი ხარისხის ორდენით და საბჭოთა გმირის ვარსკვლავით. იტალიელმა ხალხმა დააფასა ფორეს ესოდენ დიდი გმირობა და სიკვდილიდან 25 წლის შემდეგ, 1970 წლის 28 თებერვალს იგი დაჯილდოვდა ოქროს მედლით ,,მხედრული მამაცობისთვის’’.ეს იტალიის ყველაზე დიდი და საპატიო ჯილდოა და გენერალიც კი ვალდებულია იმ ჯარისკაცს მიესალმოს, რომელიც ამ მედალს ატარებს. ფორე მეორე უცხოელია, რომელიც ამ მედალს ფლობდა.
საბჭოთა გმირის ოქროს ვარსკვლავი 1990 წელს გუმბარიძემ ჩამოიტანა სოფელ ქვემო მაჩხაანში, იგი მუზეუმში ინახება.
მშობლიურ სოფელში არის ფორე მოსულის სიმბოლური საფლავი, სადაც მისი ტანსაცმელია დაკრძალული, ხოლო ნეშტი განისვენებს ქალაქ არონაში.
აქვე გახლავთ მისი სახლ – მუზეუმი, სადაც ინახება ფორეს ოჯახისეული და პირადი ნივთები: მისი ხალათი, ხელნაწერები, წერილები, ოქროს მედლები და სხვ.
იტალიის ეროვნული გმირის-ფორე მოსულიშვილის შესახებ წიგნებში ასე წერდნენ:-,,ფორე მოსულიშვილმა, ამ უდრეკმა, მამაცმა მებრძოლმა, მძიმე პარტიზანული ბრძოლების დღეებში გამოიჩინა შეუპოვრობა და თავდადება, რომელიც ყოველგვარ ქებას იმსახურებს.
პირველმა პირველთა შორის, პატიოსანმა პატიოსანთა შორის, სიცოცხლის უკანასკნელ წუთებშიც კი, ჯარისკაცისა და პარტიზანის დიდებული მაგალითი გვიჩვენა. იგი ბოლომდე საკუთარი სიტყვის ერთგული დარჩა-არასოდეს დანებებოდა ცოცხლად მტერს.
ფორე მოსულიშვილმა თავი შესწირა ჩვენი გამარჯვების საერთო საქმეს, მისი უკანასკნელი შეძახილი იყო:-გაუმარჯოს თავისუფლებას! გაუმარჯოს იტალიას!’’

 

 

დუქნები

ადგილობრივთა თქმით, სოფელში დაახლოებით 120 სავაჭრო-სახელოსნო დუქანი ირიცხებოდა, სადაც, ადგილობრივი სამრეწველო ნაწარმის გარდა, უცხოეთიდან შემოტანილი საქონელიც იყიდებოდა..
ძმებს დიმიტრი და ბასიკო ნადირაშვილებს დიდი წვლილი მიუძღვით მაჩხაანის განვითარება – აყვავებაში. ბასიკო დიდი ვაჭარი იყო, რომელსაც პოლონეთიდან და საფრანგეთიდან საჭაპანო ტრანსპორტით მინდობილობის გარეშე შემოჰქონდა ქსოვილები. Mმან სოფელი ორჯერ გადაარჩინა ეგზეკუციას. როდესაც რუსის ჯარი შემოიჭრებოდა ხოლმე სოფელში გადასახადების ასაკრეფად, ბასიკო იხდიდა იმათ მაგივრად, ვისაც ამის საშუალება არ ჰქონდა. შესაბამისად, რუსეთის იმპერიაში სოფლის შესვლა უფრო გვიანდებოდა. ბასიკოს უამრავი ხელქვეითი ჰყავდა, რომელთა საშუალებითაც აგვარებდა ის ვაჭრობის საკითხებს. მათ შორის შანშაშვილიც იყო, სწორედ მისი საშუალებით გამჟღავნდა და შემოგვენახა ბასიკოს საქმიანობა.
მე – 19 საუკუნის მიწურულს, 1895 წლის 23 თებერვალს სოფელში ადგილობრივ მცხოვრებთა თაოსნობით არსდება სახალხო (სავაჭრო) დეპო. Mმის გახსნაში განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის დიმიტრი ნადირაშვილს (მაჩხაანელს). ეს პირველი ფაქტია არა მარტო საქართველოსთვის, არამედ მთელ იმდროინდელ კავკასიაშიც. დეპოს გახსნას ეხმიანება გაზეთ ,,ივერიის” რამდენიმე ნომერი :
1895 წლის # 89
,, ქვემო-მაჩხაანის სახალხო დეპოს გამგეობა აპირებს გადაიტანოს დეპოს ახალ შენობაში წიგნსაცავიც და გახსნას აფთიაქის მაღაზიაც,  დიდად საჭიროა იაფად სყიდლობდეს ხალხი წამლეულობას. განძრახვა აქვს გამგეობას დაადგას შენობას მესამე სართულიც, დეპო-ბანკის წევრთა საკრებულოდ და კვირა უქმე დღეს ხალხისთვის წარმოდგენების გასამართად და ლექციების საკითხავად. მედია, ქიზიყის ინტელიგენცია და ოჯახიშვილები კვლავ ხელს წაუმართავენ გამგეობას ამ სასიქადულო საქმის განხორციელებაში. ვიდრე ქიზიყის უმრავლესობა მხარს მისცემს საწევრო ფულის ჩამოსვლით ქიზიყისვე ასოციაციას, და მაშინ კი ის მძლეთა მძლევი ერთობის ძალით ათასს საქვეყნო-სასიკეთო საქმეს აღმოაცენებს ”.

1896 წლის # 5
,, ახალ დაარსებულს სახალხო დეპოს ვაჭრობა და საწევრო ფული დღითი დღე ემატება. გამგეობამ საუკეთესო ადგილი იყიდა ამ დღეებში და დიდის შენობის დადგმას აპირებს ამ ზაფხულს, რადგან ხშირად ისე იჭედება დეპო მსყიდველებით, რომ ნემსი არ ჩავარდება.
იყიდება გუთნები, იმავე ფასად, რა ფასადაც ტფილისში ისყიდება თითოობით. მსყიდველს ათი მანეთი უკან რჩება, გზის ხარჯი და მოცდენა რომ არ ვიანგარიშოთ.
წურბელა ვაჭარ-ჩარჩები ათასნაირ სიცრუეს ავრცელებენ ქიზიყის სოფლებში დეპოს შესახებ: ,, დეპოში იაფად იმიტომ ისყიდება ყველა, რომ ბაქოს ხოლერიანობაში გადარჩენილი საქონელია და დადგება თუ არა ზაფხული, ყველა მსყიდველს ქოლერა ამოჟლეტსო. დეპოში იმიტომა სწერავენ რაღაცა წითელ-ყვითელს ქაღალდით (ჩეკს), რომ მთავრობას წარუდგინონ – ნახეთ  რამოდენასა ვაჭრობს გლეხის ხალხი და ფოშტის ფული მოგემატებათო. იაფად იმიტომ გაძლევენ, რომ ზომები და საწყობები პატარები აქვთო, განა მართლა დეპომ დააიაფა.? რუსეთშიაც დაიაფდა საქონელიო“
ვინ მოსთვლის, კიდევ რა სიცრუე – ჭორებს არ ავრცელებენ, ხალხის მძარცველ მგლეჯავნი, მაგრამ ხალხს მაინც ვერ აჯერებენ… ხალხის  უმრავლესობა ლოცვა – კურთხევით იხსენიებს ,,სამადლო დეპოს” დამაარსებლებს”.

1899 წლის # 162
,,ივლისისვე 25-ს დილით ქვემო მაჩხაანში მოხდა ქიზიყის მეთამბაქოეთა ისეთივე კრება, როგორიც მეცხვარეობისა იყო ამ რამოდენიმე დღის წინად. საქმის განსახორციელებლად და ტფილისში საწყობის დასაარსებლად მეთამბაქოეებმაც ამოირჩიეს სიღნაღის მაზრის უფროსი ზ. შანშიევი და ი. ნატროშვილი; ნადირაძე ერისთავი”.

ეს სტატიები კარგად ასახავს სოფლის აქტიურ ცხოვრებასა და მნიშვნელოვან ფუნქციას.
ამ დროისთვის ტრანსპორტს ურემი და ფაეტონი წარმოადგენდა, რადგან მაშინ ჯერ კიდევ არ იყო სხვა სატრანსპორტო საშუალება. ხოლო მგზავრთა გადაყვანას ფაეტონებით ახერხებდნენ მეფაეტონეები.Aავტობუსი სოფელში მხოლოდ 50-იან წლებში გამოჩნდა. ე.წ ,,ბოდბისხევის ბაზარიც” მაჩხაანიდან იქნა გადატანილი.
1921 წლის რევოლუციის დროს სოფლის ცხოვრება ძლიერ შეიცვალა. რუსის ჯარი სისტემეტურად შემოდიოდა სოფელში და გადასახადის აკრეფის გასაადვილებლად არტერს ახდენდა. მოვაჭრეებს ცუდი პირობები შეექმნათ და  გადაწყვიტეს კოლმეურნეობაში თავიანთი ქონების ,,ნება – სურვილით” შეტანა. თანდათანობით შესუსტდა დუქნების როლი და ვაჭრობა. დუქნები იხურებოდა: ერთს მეორე მიჰყვებოდა, მეორეს-მესამე, მესამეს-მეოთხე და დროთა განმავლობაში ვაჭრობაც შეწყდა. თუმცა 50-იან წლებში ჯერ კიდევ იყო მცირე რაოდენობით სამჭედლოები და სამღებროები. მაგ: ყატაშვილი ვასოს (ტანგო ვასოს) სამჭედლო..
Gგარდა სტატიებისა და ადგილობრივთა გადმოცემებისა, ამ ყველაფერს უკეთ გადმოსცემს სოფლის კარგად შემორჩენილი მაღალმხატვრული ურბანული თუ არქიტექტორული სახე. დუქნების ნაწილს შედარებით კარგ მდგომარეობაში მოუღწევია ჩვენამდე. სოფლის მთავარი ქუჩის ორსავ მხარეს, მთელ სიგრძეზე გვხვდება დუქნები.
მათი არქიტექტურული სახე თითქმის ერთნაირია: ნაგებობები ორსართულიანია, ნაგებია აგურისა და რიყის ქვის მოწესრიგებული წყობით. ზოგიც მთლიანად აგურისაა. ყველა მათგანი დახურულია კრამიტით. დუქნების პირველ სართულზე ქუჩის მხარეს ფართოთ გახსნილი თაღები გვხვდება, ხოლო მეორე სართულზე გამართულია რამდენიმე ოთახი, რომელთაგანაც ზოგი საცხოვრებლად, ზოგიც კი სახელოსნოდ გამოიყენებოდა. ქუჩის მხარეს მათ ხის აივნებიც ჰქონიათ, თუმცა ამჟამად მოჭვირული აივანი მხოლოდ ერთ-ერთ მათგანზეღა გვაქვს. სავარაუდოდ  ხის აივნები გზის გაფართოებისას მოეხსნა დუქნებს.
დუქნები მთელს სოფელში, ცენტრალური ქუჩის გაყოლებაზეა განაწილებული. დუქნებთან ერთად მრავლადაა თანადროული ძველი სახლები. კარგადაა შემორჩენილი ურბანული ქსოვილი, ხოლო სოფლის ახალი განაშენიანება სოფლის ბოლოსაა, რომელსაც ახალუბანს უწოდებენ.
სოფელში შემორჩენილი ძველი დუქნების გარდა, სოფლის ცენტრშივეა დაახლოებით 1898 წელს აშენებული თეატრი, სკოლა, ამბულატორია და სხვა მნიშვნელოვანი დაწესებულებები.

 

 

მემორიალი

 

 

ძველი ფოტოები

 

 

 

მასალა დამუშავდა პროექტის  ”აქტიური ახალგაზრდობა – დაცული კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში, ,,კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგისა” და ,,სამოქალაქო ინიციატივის” მიერ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობას იღებენენ მაჩხაანის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
თეა ნადირაშვილი;
თორნიკე პაპუაშვილი;
მაკა ჭუჭულაშვილი;
ქეთევან მახარობლიშვილი;
სალომე პაპუაშვილი.
 
September 2017
M T W T F S S
« Oct    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
სსს