ანაგა

წარმოშობა, ლეგენდები, უბნები
სოფელი ანაგა ქიზიყის კარიბჭედ მოიაზრება.  იგი, ასე ვთქვათ, უბატონო მხარის დასაწყისია. ანაგაში ოდესღაც  ჩვიდმეტი ტაძარი ყოფილა, დღესდღეობით კი თოთხმეტიღაა შემორჩენილი, რაც აქაური მოსახლეობის დიდ რელიგიურ რწმენაზე და კულტურაზე მიუთითებს.
მოგეხსენებათ, რომ ყველა ქალაქსა თუ სოფელს დაარსების სხვადასხვა, განსაკუთრებული, ანდაც სულ უბრალო ისტორია აქვს, რომელსაც წარსულიდან მომდინარეობს.
ანაგის წარმოშობის შესახებ, რამოდენიმე ლეგენდა არსებობს:
I.    სოფელში ერთი მდიდარი კაცი ცხოვრობდა, მას ჰყოლია ქალიშვილი ანა, რომელიც შეყვარებია ერთ ხელმოკლე ვაჟს. მამა წინააღმდეგი ყოფილა მათი ქორწინების, ამიტომ მოუფიქრებიათ გაქცევა. მამა ჩასაფრებულა და როცა ვაჟი მოსულა, მხოლიდ იმის თქმა მოუსწრია- ,,ანა, გა…” რაც ნიშნავს, ,,ანა, გავიქეცითო”.ვაჟისთვის უსვრიათ და მოუკლავთ. ამბობენ, სოფლის სახელი აქედან მოდისო.
II.    ,,ჰანაგე” ავადმყოფთა, გაჭირვებულთა თავშესაფარს ნიშნავდა, უწინ თურმე ბევრი ,,ჰანაგე” შენდებოდა, ეს სოფელიც სწორედ მაშინ დაარსებულა. სოფელში საცხოვრებლად ჩამოდიოდნენ არა მარტო ავადმყოფები, არამედ სხვადასხვა მიზეზის გამო საკუთარი მამულიდან წამოსული ადამიანები. ისინი დიდი რწმენით მოდიოდნენ აქ და ღმერთს გადარჩენას ან გამოჯანმრთელებას სთხოვდნენ. დიდი რწმენით მოსულნი სალოცავებს აშენებდნენ.
III.    არსებობს ისტორიული დოკუმენტიც.  ვახუშტი ბატონიშვილი თავის ნაშრომში ,,აღწერა სამეფოისი საქართველოსი” ახსენებს კახეთ-ჰერეთის მებრძოლ გმირს ,,ანაგეს” ფიქრობენ, რომ ეს სახელი დაედო საფუძვლად სოფლის სახელწოდებას.
IV.    არსებობს ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს ანაგელები გადმოსახლებულან ძვ. ანაგის ტერიტორიიდან- დღევანდელი ანაგის ტერიტორიაზე. ანაგელების ძველი ანაგიდან წარმომავლობას, მოწმობს კიდევ ერთი ფაქტი: გვარი ჩალაბაშვილი და ბიჭიაანთ ციხე, რომლებიც ორივე სოფელშია. გარდა ამისა, ანაგელებს გვიანობამდე სამუშაო მიწები ჰქონიათ ძველ ანაგაში.
სოფელი რამდენიმე დიდი და მცირე უბნებისაგან შედგება.
იოანე ბაგრატიონი ,,ქართლ-კახეთის” აღწერაში სიღნაღის შემდეგ კარდენახსა და ვაქირს შორის თანამედროვე ანაგის ტერიტორიაზე ასახელებს ბაიდარაანთ ანაგას და როჭიკაანთ ღელეს. ბაიდარაანი ამჟამად სოფლის ყველაზე დიდი უბანია. როჭიკაანთ ღელე კი სიღნაღსა და ანაგას შორისაა შეზრდილი, იქ სადაც ახლა ზარიაულის ხევია.სოფლის დიდი უბნებია: ბაიდარაანი, თანდაანი, ღვინობაანი, მირიან–გოგოლაანი, ქუდურ–მჭედლიაანი. ქუდური ქუდისებრი ფორმის გამო უწოდებიათ, რადგან სოფელს ქუდივით ადგას თავს. პატარა უბნები: მექუდეანი, პოვრიაანი, მალაქოიაანი, ალიაანი, ეშაკ-სტეფანიანები. მექუდეაანთ წინაპრები ქუდის მკერავები ყოფილან, პოვრიაანთი–მზარეულები, მალაქოიაანთ ჰყოლიათ წინაპარი მალაქო. თანასოფლელები იხსენებენ მხიარულ ისტორიას მასთან დაკავშირებით: თბილისში წასულ მალაქოს თურმე შემოესმა რუსი გამყიდველის ხმა ,,მალაკოო”…მას ჰგონებია მე მეძახის და ნეტავ საიდან მიცნობსო. ალიაანი: ქუდურში დასახლებულა ერთი ლეკი ალია. მას ტიკებისა და ქვევრების მოკუპვრა სცოდნია და თან თოკებსაც გრეხდა და ჰყიდდა. დღემდეა მათ საგვარეულო სახლში თოკის საგრეხი ჯარა.  ეშაკ-სტეფანიანების სახელი კი მოდის შემდეგი ამბიდან:  მოგეხსენებათ, ქიზიყი უბატონო მხარე იყო. მაშინ, როდესაც რუსის მეფისნაცვლის წარმომადგენელი ამ უბატონო მხარეში უნდა შემოსულიყო, მოსახლეობამ გადაწყვიტა წინააღმდეგობა გაეწია და დახვდნენ ანაგის შემოსასვლელთან. ვინმე სტეფანე გოგოლაშვილი მას  წინ გადაუდგა, ეტლის წინა მხარე ასწია და არ მისცა საშუალება, რომ შემოსულიყო. მეფისნაცვალმა კი მიაძახა: „ეტო ნე ჩელოვეკ, ეტო ეშაკ“. და სწორედ ამის შემდეგ ეწოდებათ მათ ეს სახელი.
ანაგას ასევე უკავშირდება ბევრი ლეგენდა. ერთერთია ყვავების საყდრის აგების ლეგენდა:   იგი მდებარეობს მთავარანგელოზის ხევის მარჯვენა მხარეს, გადმოცემის თანახმად საყდრის ადგილზე გლეხები ყანას მკიდნენ. იქვე (დიდ ქვაბში) სადილი მზადდებოდა. ხორცის ხარშვის დროს, ქვაბში დიდი გველი ჩამძვრალა, როდესაც მუშები სადილად უნდა დამსხდარიყვნენ, ციდან მოფრენილა ერთი ყვავი და  ქვაბში ჩავარდნილა (გლეხები სადილის განაწილებას აპირებდნენ და ქვაბის სახურავი ახდილი ჰქონდათ). ყვავის ნახარშს ვერ შეჭამდნენ, ამიტომ ქვაბი გადმოუპირქვავებიათ და შიგ ჩახარშული გველი უნახავთ. ყვავმა თავი გაწირა და ხალხი მოწამვლისგან იხსნა. გლეხებმა ეს ამბავი სასწაულად მიიჩნიეს და ამის ნიშნად ამ ადგილას ეკლესიის მშენებლობა დაიწყეს. მშენებლობა სარტყელთან შეუჩერებიათ, რადგან ამ დროს მოფრენილა აუარება ყვავი და მშენებლობის გაგრძელების საშუალება არ მიუცია მათთვის. ამბობენ, ყვავებს იქვე მთავარანგელოზის ხატი აუღიათ და ეკლესიის ადგილზე წაუბრძანებიათო, მშნებლებს ეს უფლის ნებად ჩაუთვლიათ და სარტყელთან შეუჩერებიათ მშენებლობა (ყვავის საყდრის მშენებლობა მართლაც სარტყელთან არის შეჩერებული). ყვავების მიერ დაბრძანებული ხატის ადგილას კი მთავარანგელოზის ეკლესია აუშენებიათ.  ყვავის საყდარი საქართველოს სხვა კუთხეებშიც ყოფილა აშენებული.
ლეგენდა არსებობს კონსტანტინეს წყაროზეც: თურმე ლეკებს გამოქცეული კონსტანტინე აქ გაჩერებულა, გვირაბი გაუთხრია თავშესაფრად, საიდანაც წყალი წამოსულა.  ამის შემდგომ მისთვის კონსტანტინეს სახელი დაურქმევიათ.

 

  

 

 

 

სკოლის ისტორია

მეცხრამეტე საუკუნის   ბოლოდან ანაგელი ვაჟები ვაქირში სწავლობდნენ, რადგან  ანაგაში სკოლა არ იყო. ვაქირშიც იოვანე ხელაშვილის (ბერის) დახმარებით გახსნილა სკოლა, თორემ მთავრობა განათლებაზე არ ფიქრობდა. პირველად ანაგელ-ვაქირელებისთვის ერთი, საერთო სკოლა  გაუხსნიათ ვაქირში, მღვდელი ხატიაშვილის სახლში. შემდეგ ანაგა-ვაქირის ხარჯით სამინისტროს სამოთახიანი სკოლა აუშენებია. ანაგელი მოსწავლე ბიჭები 1899 წლამდე იქ სწავლობდნენ. ქალებისთვის კი მღვდელმა იოსებ მირიანაშვილმა დაიქირავა შენობა და 1985 წელს ანაგაში გაიხსნა ქალთა სკოლა. აქ პირველი მასწავლებელი  იყო თელაველი ქალბატონი ქეთევან ზარაფიშვილი. 1900 წელს სამრევლო სკოლისათვის, საეკლესიო ხარჯით, იოსებ მირიანაშვილმა ააშენა ანაგაში ოთხოთახიანი შენობა: ორი დიდი ოთახი კლასებისათვის და ორი პატარა ოთახი მასწავლებლებისათვის. ამ დროისათვის ორი მასწავლებელი მუშაობდა და ასამდე გოგონა სწავლობდა.
სკოლაში სწავლა მიმდინარეობდა ქართულად, მაგრამ რუსულსაც კარგად სწავლობდნენ. საღმრთო  რჯულს დიდი ყურადღება არ ექცეოდა.  სწავლის ხანგრძლივობა სამი წელი იყო.
ვაჟები კვლავ განაგრძობდნენ სწავლას ვაქირის სანახევრო სკოლაში, სანამ ამ საქმეს ბენიამინ მირიანაშვილმა არ უშველა. ბემიამინი ასწავლიდა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში. აქ რევიზიაზე მოდოიდა პოგარელოვი, ვისზეც დამოკიდებული იყო სკოლების გახსნა. იგი ბენიამინის ინსტიტუტის მეგობარი იყო .ის ბენიამინმა დაითანხმა რომ ანაგაში ვაჟებისათვის სკოლა გაეხსნა. 1899 წლის პირველ სექტემბერს ვაქირიდან გადმოზიდეს დაძველებული მერხები, დაფა, მაგიდა და დააბინავეს გიგა მირიანაშვილის სახლში. ამ დროს მასწავლებლად მუშაობდა სოლიკო შოშიაშვილი, რომელიც კარგი მასწავლებელი იყო, მაგრამ ვაჟკაცური გამჭრიახობა აკლდა და სოფლის მოხელეები ძლიერ ჩაგრავდნენ.
პოგარელოვმა ანაგის სკოლის შენობის ასაშენებლად სიღნაღის ხაზინაში გადარიცხა საჭირო თანხა, მაგრამ მამასახლისის დაუდევრობით ვერ გამონახეს ადგილი, სადაც სკოლა აშენდებოდა.  ამასობაში ეს თანხა ვაქირმა აითვისა და ააშენეს  სკოლა. სოლიკო შოშიაშვილს კი თანდათან გაუუარესდა მუშაობის პირობები ანაგაში, რადგან შენობას ხან ვისგან ქირაობდა და ხან – ვისგან. ამიტომ მის სკოლას ,,მომთაბარე კლასი“ უწოდეს და თანდათან შეუმცირდა სკოლაში ქალებიც და ვაჟებიც. 50 მოსწავლეზე ნაკლები ჰყავდა სამ კლასად. ქალთა სკოლა კი მუშაობას განაგრძობდა, რადგან საკუთარი შენობა ჰქონდა.
1919 წლის თებერვალში კარდენახის სკოლიდან ანაგაში სამუშაოდ გადმოვიდა ნადია მირიანაშვილი. მან მოკიდა ხელი სოლიკო შოშიაშვილის დაშლილი სკოლის აღდგენას, მიმართა მენშევიკური მოძრაობის გამგეს. მან კი ქალთა სკოლაში მეცადინეობა შესთავაზა. მასწავლებელთა საცხოვრებელ ოთახებში ორი ადგილობრივი მასწავლებელი ცხოვრობდა,  რომლებიც კვლავ  თავიაანთ ბინებში გადავიდნენ. ეს ოთახები კი კლასებად გამოიყენა ნადია მირიანაშვილმა. აპრილის ბოლოს ძლივს შეგროვდნენ ბავშვები და დაიწყო სწავლა.
შემდეგში  გაიხსნა ექვსი კლასი ყოფილ დუქნებშიც და ეკლესიასთან მღვდლის სახლებშიც. გამოგზავნეს ახალი მასწავლებლებიც. ორი კლასი ნაშუადღევს მეცადინეობდა. მერხები და მაგიდებიც გამოგზავნეს მაზრიდან. ამასთანავე 1920 წელს გაიხსნა შვიდწლიანი სკოლა, რომელსაც მაშინ უმაღლეს-დაწყებითი სკოლა ერქვა. მის გამგედ დანიშნეს ივანე რუსაძე. ამგვარად, ანაგაში არსებობდა ორი სკოლა. ერთი სოფლის დაწყებითი სკოლა (რომელიც მდებარეობდა ახლანდელი ძველი ამბულატორიის ადგილას) და შვიდწლიანი სკოლა ბაიდარაანთ უბანში. 1920 წელს ორივე სკოლაში 200 ბავშვი სწავლობდა. 1921 წლის 19 თებერვალს ანაგაში ლაგოდეხის მხრიდან შემოვიდა წითელი არმია. წინა ღამით მაზრის მენშვიკური მთავრობა გაიქცა თელავისაკენ. ხალხი პანიკამ მოიცვა. მირბოდნენ ტყეებში. მასწავლებლები ხალხს აწყნარებდნენ, არ შეწყვეტილა სკოლის მეცადინეობა.
1938 წელს ბაიდარაანის  შვიდწლიანი სკოლა გადაკეთდა საშუალო სკოლად, ხოლო დაწყებითი სკოლის ბაზაზე გაიხსნა შვიდწლედი, რომელმაც ცალკე ორი წელი იარსება და მერე საშუალო სკოლას შეუერთდა. საშუალო სკოლის დირექტორად აბესაძის შემდეგ მუშაობდა გოგა მახარაშვილი, ხოლო მისი ჯარში გაწვევის შემდეგ – ზურაბ ფავლენიშვილი, შემდეგ კი რეზო ნანობაშვილი იყო. 1942 წელს, რეზო ნანობაშვილის ჯარში გაწვევის გამო, სკოლის დირექტორად მუშაობდა აბრამ თანდაშვილი. ამ წელს გადმოვიდა ბაიდარაანიდან სკოლა  ახლანდელი შენობის ადგილზე, რომელიც დღესაც ფუნქციონირებს.

 

დუქნები

 

ადგილობრივთა გადმოცემით, ანაგაში დაახლოებით ათი სავაჭრო დუქანი არსებობდა.
დღეს თითოეული მათგანის შესახებ ინფორმაციის მოძიება ძალიან რთულია, რადგან ფიზიკურად მხოლოდ ერთი მათგანიღაა შემორჩენილი, დანარჩენების შესახებ კი მხოლოდ აქა–იქ ფრაგმენტულად შემორჩენილი მოგონებებიღა არსებობს. ყველა დუქანი სოფლის მთავარ ქუჩაზე ყოფილა განლაგებული, ამავე ქუჩაზე, სოფლის დასაწყისში დგას ე.წ. კეკელას დუქანი, რომელიც პირვანდელი სახით, თითქმის უცვლელადაა შემონახული. იგი წარმოადგენს ერთსართულიან, პატარა შენობას, რომელიც აშენებისას სამ ნაწილად ყოფილა გაყოფილი და ყოველ მათგანს დამოუკიდებელი შესასვლელი ჰქონია, შემდგომ კი კ. თანდაშვილის შთამომავლებს ერთი განყოფილება გაუყიდიათ და დღეს დუქანს ორი სათავსიღა აქვს.  განსაკუთრებით აღსანიშნია ის, რომ დუქნის კედელში ჩადგმულია ქვის ფილაზე დაწერილი ანდერძი თავად კეკელა თანდაშვილისა, რომელიც მისი აშენებისა და მომავალში შვილთა შორის განაწილების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას: ,,1907 წ. თიბათვესა გავაკეთე ესე შენობა ქვრივი კეკელა თანდაშვილმა ჩემის მონაგარით 70 თუმანი დავხარჯე. მინამ ცოცხალი ვარ მე, თავისუფლება მაქვს. სიკვდილის შემდეგ ჩემ 3 შვილს ეკუთნის“.

 

რეპრესირებულები

1905-1907 წლებში ანაგაში გაჩაღდა მძლავრი რევოლუციური მოძრაობა. აქ შეიქმნა რსდმპ-ს ჯგუფი, რომლის აქტიური წევრები იყვნენ მოსე ვარამაშვილი (ხელმძღვანელი), გიორგი მირიანაშვილი, კოტე გოგოლაშვილი, ნიკოლოზ ახმეტელაშვილი, ლადო ხირსელი, ალექსანდრე ლეჟავა, სანდრო დანდუროვი, ვანო ბაბალაშვილი, გიგა კუდაშვილი. მათ რიგებში იყვნენ ქალებიც, რომლებიც იარაღს ინახავდნენ ან პროკლამაციებს ავრცელებდნენ. ესენი იყვნენ: დუსა ახმეტელაშვილი, კატო ახმეტელაშვილი, ნინა გოგოლაშვილი, თამარა ვარამაშვილი, ანა ვარამაშვილი, თებრო ბოსტიაშვილი და სხვ. ასეთივე რევოლუციონერები იყვნენ ის ანაგელებიც, რომლებიც სხვა ადგილებში მუშაობდნენ.
როგორც ადგილობრივები ჰყვებიან და საბუთებიდანაც ჩანს, საბჭოთა რეპრესიები სოფელ ანაგას განსაკუთრებული სისასტიკით შეეხო,  როგორც გაირკვა, რამის ყოველ მეათე ოჯახში იყო რეპრესირებული ადამიანი.  დაპატიმრებები, გადასახლებები, დახვრეტები საზოგადოების ცხოვრების განუყოფელ ნაწილად  იქცა. „ხალხის მტერი“ შეიძლება ყოფილიყო სახელმწიფო მოხელე, ინტელიგენტი, მუშა და გლეხი; დამსმენი, რომელიც ფხიზლობდა, წერდა წერილებს, პირადი მოტივით, გამორჩენის, გადარჩენის, შურის, შურისძიების, გადაბრალების მიზნით.  გთავაზობთ სამი ოჯახის ტრაგედიას: მღვდლის, მასწავლებლის და პარტიული მუშაკის ოჯახებისას.
მარო ბოსტიაშვილი მარიამობიდან ორი დრის შემდეგ დაიბადა და მშობლებმაც წმინდანის სახელი დაარქვეს. სოფელში დაამთავრა შვიდწლიანი  სკოლა, შემდეგ – თბილისის ცენტრალური პედაგოგიური ტექნიკუმი. მუშაობა დაიწყო დაწყებითი კლასის მასწავლებლად.  1937 წლის  12 იანვრის არდადეგები მთავრდებოდა და 21 წლის მარიამიც კვლავ სოფელში დასაბრუნებლად ემზადებოდა. 11 იანვრის საღამოს, როცა უკვე ბნელოდა, მასთან სახლში მივიდნენ პარტიული ორგანიზაციის მდივანი და გამომძიებელი. გადაათვალიერეს მისი ბიბლიოთეკა და ერთი წიგნი, სადაც დაგმობილი იყო იტალიური ფაშიზმი, აიღეს -აკრძალული ხომ არ არისო? უკუთხავს მაროს -არაო უთქვამთ. წაიყვანეს სოფლის საბჭოში, თან გაჰყვნენ მამა და ძმა, რომელიც  მეზობელ სკოლაში მასწავლებლობდა. სოფლიდან რაიონში გადაიყვანეს, 10 მარტს კი თელავის ციხეში ანაბეჭდები აუღეს. თელავიდან – თბილისში. საპატიმრო გადაჭედილი იყო პატიმრებით, უჰაერობა და ანტისანიტარია სუფევდა. მასთან ერთად ოთახში ყოფილა პატიმარი შალვა ელიავას მეუღლე, (მსახიობ ლ. ელიავას დედა) როდესაც მარო ოთახში შეიყვანეს, მას გაუღიმია მისთვის და უთქვამს: -შეხედეთ „славная девошка“ მოიყვანესო.  საკანში ასევე იყო 17 წლის გოგონა მარო მაყაშვილი, რომელსაც როგორც ფაშისტური ორგანიზაციის წევრს, 10 წელი მიუსაჯეს, ასევე ვინმე მარო რობაქიძე. დაკითხვებისას იყენებდნენ ათასნაირ წესს, ყველაზე მტკივნეული თმებით თრევა იყო და როგორც კი მაკრატელი ჩაუვარდათ ხელში, თმები დაიჭრეს პატიმრებმა. არავითარი სასამართლო არ შემდგარა. გაუსამართებლად გაგზავნეს შორეულში. მთელი დღეები, თვეები მიდიოდნენ, ბოლოს „კარგოპოლაგის ლაგერში“ მიიყვანეს. ბარაკი საღორეს ჰგავდა. პატიმრები მთელი ღამე კვნესოდნენ. ბევრი ქართველი აღმოჩნდა იქ. საჭმელი ყოველ დღე თევზის სუპი იყო. სამი-ოთხი ადამიანი ერთი ჯამიდან ჭამდა. მარო მასწავლებელი და მარო რობაქიძე სასადილოში გაანაწილეს. 10  წელი იქ გაატარა ქალბატონმა მარომ. მის გამოგზავნილ წერილში ერთი  ფაქტია დაფიქსირებული „… გარეთ ომია, ვმუშაობთ სამკერვალოში; ჩვენთან ყოველი დღე ერთნაირია. ოღონდ განსხვავებულია, თუ ვინმე მოკვდა … ყოველდღე ვიღაც კვდება  …. ტირილიც კი აღარ შეგვიძლია…“  მძიმე მუშაობაში გადიოდა წლები, როგორც მისი წერილებიდან ჩანს, ზოგჯერ გული გაუტყდებოდა და სიკვდილსაც ნატრობდა, მაგრამ თითქოს მის მშობლიურ სოფელში ხვდებოდნენ მის სულისკვეთებას, წერილს იღებდა: „ ჩემო მარო! იყავი კარგად, რაც საჭიროა ყველაფერს გავაკეთებ, იყავი დამშვიდებული,  ეს ყველაფერი იმით მაინც დამთავრდება, რომ მომავალში აღარ ითვლებოდე იმად, რადაც მიგიჩნიეს და რისთვისაც ახალგაზრდობის საუკეთესო წლები გაგიმწარდა, ელოდე ჩემგან პასუხს, ერთი წუთითაც არ იფიქრო, რომ მე ეს გარემოება უყურადღებოდ დავტოვო“. რვა წელი გავიდა. ციხის უფროსი განთავისუფლებულთა სიის ამოსატანად წავიდა, მაგრამ ამჯერად ისევ გაგრძელდა მარო მასწავლებლის პატიმრობა – დაკავებული ხართ ომის დამთავერებამდეო, უთხრეს ცივად. მძიმე ფიზიკური შრომა, სამშობლოს უნახაობა– სწორედ ამ დროს გაჩნდა მის ლექსებში სამშობლოს მონატრება: „… ნეტავ თუ ვნახავ ჩემს მხარეს და მნახავს მეგობარია, შენ ვერა გხედავ, სამშობლო, ცრემლი გამომდის ცხარია!…“   ომის დამთავრების შემდეგ განცხადება შეიტანა, განთავისუფლებას ითხოვდა უკვე 30 წლის მარო ბოსტიაშვილი. „დაკავებული ხართ განსაკუთრებულ ბრძანებამდე“– იყო პასუხი. შრომით კარგი სახელი მოიპოვა, მაგრამ ეს განთავისუფლებაში ვერ დაეხმარა. მოიტანეს შეტყობინება ხელი მოაწერინეს და უბრძანეს: -„ გადასახლებული ხართ 5 წლით სსრკ–ს შორეულ მხარეში“ და გაამგზავრეს კიდეც… ამჯერად უფრო შორს ქ.სიქტივკაში მოუწია ცხოვრება, გზად ჩემოდანიც კი მოპარეს, დიდხანს ეძია,  როგორც თავად წერს,  ვერ დათმო დედის გაგზავნილი ერთი ხელი ლოგინი, რომელსაც მისი ქვეყნის სურნელი ჰქონდა და იპოვა კიდეც.  წელიწად ნახევარი იმუშავა აქ, დილიდან საღამომდე ბირდაბირი ეჭირა, მუშაობდა თოვლში, ასუფთავებდა გზას, მოჭრილ ხეებს კრეფდა…  ერთხელაც სამუშაოს დროს მანქანიდან გადმოვარდა, ძირს დავარდნილს მანქანამ მსუბუქად გადაუარა. ამის შემდეგ მისი მუშაობა ტყეში აღარ შეიძლებოდა. როცა გამოკეთდა,
ქ. არილუსკის საავადმყოფოში გადაიყვანეს მრეცხავად. თავისი შრომით შოულობდა საჭმელსაც და ფულსაც. 1949 წელს ჩრდილოეთ ყაზახეთში გადაიყვანეს. სამუშაო  საავადმყოფოში მისცეს. მტს–ის სახლში ცხოვრობდა ერთ აგრონომ ქალთან ერთად. თვისუფლების მოლოდინში გავიდა კიდევ სამი წელი.
„1937 წლის 11 იანვარს დამაპატიმრეს. გამათვისუფლეს 1952 წელს იანვარში. 14 იანვარს ჩამოვედი საქართველოში. 1958 წელს გამიკეთეს რეაბილიტაცია“–წერს თავად. ამის მერე მარო მასწავლებელმა ისევ მშობლიურ სკოლაში დაიწყო მასწავლებლობა, ოღონდაც ასწავლიდა რუსულს. რუსულის სწავლა  პატიმრობისას მომიწია –იტყოდა ხოლმე. 20 წელი კიდევ იმუშავა სკოლაში. მისი ყოფილი მოსწავლეები იგონებდნენ – მკაცრი იყოო. მიუხედავად გადატანილი გასაჭირისა, სტალინი მაინც კეთილად ახსენდებოდა და ყველაფერს მავნე კომუნისტებს აბრალებდა.

„მინისთერაანთ“ ოჯახის ტრაგედია
1886 წლის 14 აპრილს სიღნაღის მაზრის სოფ. ანაგის თომა მოციქულის  სახელობის ეკლესიის მღვდელს და მის მეუღლეს, მარიამ ივანეს ასულ ოდიშელისძეს შეეძინათ ვაჟი, რომელსაც ალექსანდრე დაარქვეს. ორი დღის შემდეგ ამავე ეკლესიაში ქრისტიანული წესით მონათლეს ახალშობილი. ვასილ ახმეტელაშვილს მრავალშვილიანი ოჯახი ჰქონდა, ჰყავდა  ოთხი ვაჟი და ერთი გოგონა. უფროსმა ვაჟმა, დავითმა ვეტერინალური ინსტიტუტი დაამთავრა რუსეთში. ილიამ სამედიცინო ინსტიტუტი, სანდრომ – პეტერბურგის იურიდიული ინსტიტუტი. ახმეტელაშვილების ერთადერთი და ეკატერინე, ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელმაც უმაღლესი განათლება მიიღო რუსეთში. ამიტომ ეძახდნენ მათ „მინისტერაანტ ოჯახს“ და დღესაც ამ უბანს „მინისტერაანთ უბანი“ ჰქვია. ოთხივე ვაჟი რეპრესიების დროს დახვრიტეს. სანდროს უფროსი ძმა, დავითი, ამთვრებს ვეტერინალურ ინსტიტუტს, პროფესორიც კი ხდება, 1933 წლისთვის იგი მუშაობდა გარდაბნის რაიონის უფროს ვეტექიმად. იმ პერიოდში რაიონში პირუტყვი გაწყდა. მას წაუყენეს ბრალდება, რომ სპეციალურად მოიყვანა დაავადებული საქონელი, რათა შემდეგ გაენაწილებინათ კოლმეურნეობებს შორის. დასკვნითი ოქმი კი გვაუწყებს: „მავნებელმა ვერ შეძლო ამ მავნებლური ღონისძიებების გატარება და აღგვილი იქნა მისი საქციელი“.1935 წელს იგი დაიჭირეს და დახვრიტეს. მომდევნო ძმა ილია, რუსეთში ამთვრებს სამედიცინო ინსტიტუტს. იგი ცნობილი ქირურგი, მეცნიერი და საზოგადოებისთვის საჭირო ადამიანია, მაგრამ ნაკლის პოვნა მის პიროვნებაშიც შეძლეს. როცა სანდრო ახმეტელი დააპატიმრეს, როგორც ძმა, ისიც დაიბარეს დაკითხვაზე. პროფესიული გამოცდილებითა და ინტუიციით ხვდებოდა, რომ ჰაერი რაღაც გამაბრუებელი სუნით იჟღენთებოდა. ოთახში მან პროტესტის გამოთქმა მოასწრო. როცა გონება დაუბრუნდა, მოასმენინეს თავისი ხმა, სადაც ბრალს სდებდა ძმას და აღიარებდა მის დანაშაულს. სახლში მიიყვანეს, მერე მოასწრო ცოლისთვის ეთქვა ყველაფერი, ნერვიულობდა და იმ ღამეს გულის შეტევით გარდაიცვალა. მეოთხე ძმა, ანდრო, მხოლოდ იმიტომ დახვრიტეს, რომ მღვდლის შვილი და სამნდრო ახმეტელის ძმა იყო.

იოსებ მჭედლიშვილი
იოსებ მალხაზის ძე მჭედლიშვილი დაიბადა 1894 წელს გლეხის ოჯახში. ჰყადა სამი ძმა და ერთი და. 14 წლის ასაკიდან ჩაბმული იყო შრომით საქმიანობაში. სავაჭრო დუქანში მუშაობდა დედის ძმებთან. 18 წლისა იყო, როდესაც წაიყვანეს რუსეთის მეფის ჯარში. აქ ჩაება რევოლუციურ მუშაობაში. 1921 წლიდან იყო პარტიის წევრი, 1924 წელს სწავლობდა მუშფაკში. 1929 წელს დაინიშნა სიღნაღის რაიონის სამტრესტის ღვინის ქარხნის დირექტორად. მისი ინიციატივით აშენდა ტიბაანის, ვაქირის, ანაგის, წნორის ღვინის ქარხნები. სოფელში გამოყვანილია წყალი, რომელიც მის სახელს ატარებს. მატარებლის გადასასვლელი ხიდი, გზა, ღვინის ქარხანა. 1936 წელს იყო საბჭოთა კავშირის სოფლის მეურნეობის მიღწევათა გამოფენის მონაწილე ქ.მოსკოვში. ჰყავდა სამი ვაჟი, რომლებიც დიდი ბელადების სახელებს ( მარქსი, ვლადიმერი, იოსები) ატარებდნენ. 1937 წელს იყო კოლმეურნეობა „ნაპერწკლის“ თავმჯდომარე. 1937 წელს დახვრიტეს.

 

ძველი ფოტოები

 

 

 

მასალა დამუშავდა პროექტის  ”აქტიური ახალგაზრდობა – დაცული კულტურული მემკვიდრეობა” ფარგლებში, ,,კულტურული მემკვიდრეობის არასამთავრობო მონიტორინგისა” და ,,სამოქალაქო ინიციატივის” მიერ ფონდ “ღია საზოგადოება საქართველოს” ფინანსური მხარდაჭერით.
მასალის შეგროვებასა და დამუშავებაში მონაწილეობას იღებენენ ანაგის საჯარო სკოლის მოსწავლეები:
სოფიკო ბაბალაშვილი;
ნატო გოგოლაშვილი;
მარიამ სიყმაშვილი;
ინგა თანდაშვილი.
დავით ბაბალაშვილი.
 
May 2017
M T W T F S S
« Oct    
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
293031  
სსს