რესურსცენტრი

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის

ბრძანება N31

2006 წლის 17 იანვარი ქ. თბილისი

 

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ

 

,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილების და საქმიანობის წესი შესახებ” საქართველოს კანონის 19-ე მუხლის მე-4 პუნქტის, საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის N37 დადგენილებით დამტკიცებული “საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების” მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის და მე-7 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის, ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის” 61-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

1. დამტკიცდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების – რესურს-ცენტრების თანდართული ტიპური დებულება.

2.ძალადაკარგულად იქნას ცნობილი საქართველოს განათლების მინისტრის ,,განათლების განყოფილების ტიპური დებულების დამტკიცების შესახებ” 2001 წლის 17 მაისის N111 ბრძანება (ს.ს.მ., N54, 2001 წ., ნაწ. III, მუხლი 402).

3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

 

                                                                                                         ა. ლომაია

 

საგანმანათლებლო რესურს-ცენტრების ტიპური დებულება

 

    მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრი (შემდგომში – რესურს-ცენტრი) წარმოადგენს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) ტერიტორიულ ორგანოს.

2. რესურს-ცენტრი თავისი კომპეტენციის ფარგლებში მოქმედებს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებების, საქართველოს კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულებისა და ამ დებულების საფუძველზე.

3. რესურს-ცენტრი მის კომპეტენციას მიკუთვნებული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ცენტრი წარმოადგენს სამინისტროს.

4. რესურს-ცენტრს აქვს ბეჭედი, სახაზინო ანგარიში და დამოუკიდებელი ბალანსი.

       მუხლი 2. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მიზნები, ფუნქციები და 

ამოცანები

 

1. რესურს-ცენტრის მიზანია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს პოლიტიკის განხორციელების ხელშეწყობა.

2. კანონმდებლობით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში რესურს-ცენტრი:

ა) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში მიმდინარე პროცესების კვლევასა და ზედამხედველობას; (30.12.2008 N 1183)

ბ) კონტროლს უწევს სამინისტროს მიერ დამტკიცებული ეროვნული სასწავლო გეგმების, სტანდარტების და სპეციალური საგანმანათლებლო პროგრამების შესრულებას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო და პროფესიული სწავლების ცენტრებში. მის კომპეტენციაში არ შედის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ამ დაწესებულებებში მიმდინარე სასწავლო პროცესის შინაარსისა და სწავლების მეთოდების შემოწმება. ეს არ გამორიცხავს რესურს-ცენტრის მიერ შესაბამისი კომპეტენციის მქონე ორგანოს საქმიანობისათვის ხელშეწყობის მიზნით მოიძიოს, შეაგროვოს და მიაწოდოს კომპეტენტურ ორგანოს ინფორმაცია მიმდინარე სასწავლო პროცესის ხარისხის შესახებ;  (30.12.2008 N 1183)

გ) წარუდგენს სამინისტროს რეკომენდაციებს და წინადადებებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული საჯარო სამართლის იურიდიული პირების  – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების და პროფესიული სწავლების ცენტრების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ;  (30.12.2008 N 1183)

დ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებების მიერ განათლების სფეროში მოქმედი კანონების და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, აგრეთვე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ გამოცემული სხვა აქტების შესრულებას, რისთვისაც უფლებამოსილია გამოითხოვოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესრულებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საჯარო ინფორმაცია;

ე) უფლებამოსილია გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია კერძო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისაგან «საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის» მე-3 თავის შესაბამისად;

ვ) ხელს უწყობს სამინისტროს მიერ სახელმწიფო ენის განვითარებისა და გავრცელების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებების, სპეციალური პროგრამებისა და პროექტების განხორციელებას სამოქმედო ტერიტორიაზე;

ზ) ახორციელებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების მატერიალურ-ტექნიკური, ადამიანური და ფინანსური რესურსების შესახებ მონაცემთა შეგროვება–დამუშავებას და უფლებამოსილია აღნიშნული მონაცემების სისწორე გადაამოწმოს შესაბამის დაწესებულებაში ადგილზე დათვალიერებით/შესწავლით; (30.12.2008 N 1183)

ზ1) მონაწილეობს საჯარო სამართლის იურიდიული პირების – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ბალანსზე რიცხული, სახელმწიფო ან/და მის საკუთრებაში არსებული, ამორტიზებული ან გამოუყენებელი მოძრავი ნივთის ბალანსიდან ჩამოწერის პროცესში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით; (30.12.2008 N 1183)

თ) თვალყურს ადევნებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სკოლებში სამეურვეო საბჭოებისა და დირექტორების არჩევნების მიმდინარეობას. უზრუნველყოფს აღნიშნული პროცედურების შესატყვისობას სამინისტროს მიერ დადგენილ წესთან და არჩევნების შედეგების მიწოდებას სამინისტროსთვის;

ი) შესაბამისი ღონისძიებების გატარებით ხელს უწყობს სამინისტროს მიერ შემუშავებული ნოვაციების და პროგრამების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებში; (30.12.2008 N 1183)

კ) ხელს უწყობს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს, პროფესიული სწავლების ცენტრებსა და სამინისტროს შორის ინფორმაციის გაცვლასა და თანამშრომლობას; (30.12.2008 N 1183)

ლ) შესაბამისი ღონისძიებების (ტრენინგების, სემინარების და სხვა,) ორგანიზებით ზრუნავს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებისა და პროფესიული სწავლების ცენტრების ადამიანური რესურსების განვითარებაზე. ხელს უწყობს მათთვის პროფესიულად მნიშვნელოვანი რესურსების დროულად და თანაბრად განაწილებას; (30.12.2008 N 1183)

მ) აძლევს რეკომენდაციებს სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებსა და პროფესიული სწავლების ცენტრებს წამოჭრილი სამართლებრივი დავების გადაჭრის მიზნით. საჭიროების შემთხვევაში, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს გაწეული სამუშაოს შესახებ და აძლევს რეკომენდაციებს განსახორციელებელი მოქმედების შესახებ; (30.12.2008 N 1183)

მ1) წყვეტს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება,  შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხს; (19.02.2008 N131)

ნ) სამინისტროსთან შეთანხმებით უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროებების მქონე პირებზე ზრუნვას სამინისტროს სისტემაში არსებულ დაწესებულებებში. ხელს უწყობს ამ კატეგორიის ბავშვებისათვის სპეციალური (ინკლუზიური) სწავლების მეთოდების დანერგვას სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში; (30.12.2008 N 1183)

ო)  ამოღებულია (30.12.2008 N 1183)

პ) სამინისტროს პოლიტიკის გატარების ხელშეწყობის მიზნით თანამშრომლობს განათლების სფეროში მოქმედ საჯარო და კერძო სამართლის იურიდიულ პირებთან და აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან; (7.12.2007 N1246)

ჟ) იხილავს მის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებულ ფიზიკური და იურიდიული პირების მიერ ცენტრში შესულ კორესპოდენციებს;

რ) ხელს უწყობს ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარებას;

რ1)  ამოღებულია (30.12.2008 N 1183)

ს) ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ და მინისტრის მიერ კანომდებლობის საფუძველზე დაკისრებულ სხვა ფუნქციებს.

    მუხლი 3. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის მართვა

1. რესურს-ცენტრის საშტატო განრიგს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ამტკიცებს მინისტრი.

2. რესურს-ცენტრის საქმიანობას წარმართავს რესურს-ცენტრის უფროსი, რომელსაც, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი.

3.უფროსის მიერ უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტით განსაზღვრული რესურს-ცენტრის თანამშრომელი. იმ შემთხვევაში, თუ არ არსებობს ასეთი აქტი, უფროსის მოვალეობის შემსრულებელს ნიშნავს სამინისტრო რესურს-ცენტრის თანამშრომელთაგან.

4. რესურს-ცენტრის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს რესურს-ცენტრს, წარმოადგენს რესურს-ცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რესურს-ცენტრის გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს;

ბ) პასუხისმგებელია საქართველოს კონსტიტუციის, კანონების, კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების და ამ დებულების შესრულებაზე;

გ) კანონით დადგენილი წესით ახორციელებს სამსახურეობრივ ზედამხედველობას რესურს-ცენტრის თანამშრომელთა საქმიანობაზე;

დ) ყოველწლიურად, აგრეთვე მოთხოვნის შესაბამისად, მინისტრს წარუდგენს ანგარიშს რესურს-ცენტრის საქმიანობის შესახებ;

ე) იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ;

ე1) გასცემს თანხმობებს მის სამოქმედო ტერიტორიაზე განლაგებული მაღალმთიანი რეგიონებისა და მცირეკონტინგენტიანი სკოლების დირექტორებისათვის, რომელთაც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად აქვთ პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლება, შესაბამისი საპატიო მიზეზის არსებობისას გამონაკლისის სახით, შესაბამისი ანაზღაურებით, იმავე სკოლაში მასწავლებლის სრული პედაგოგიური დატვირთვის მესამედზე ზევით პედაგოგიური საქმიანობის განხორციელების უფლების მინიჭების საკითხზე; (19.02.2008 N131)

ვ) პასუხისმგებელია რესურს-ცენტრის სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე;

ზ) მინისტრს დასამტკიცებლად წარუდგენს რესურს-ცენტრის მუშაობის ყოველწლიურ გეგმას;

თ) კანონით დადგენილი წესით, სამინისტროს მიერ დამტკიცებული საშტატო განრიგის შესაბამისად თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს რესურს-ცენტრის თანამშრომლებს;

თ1) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ – სამართლებრივ აქტს თავისი და რესურს–ცენტრის თანამშრომლის შვებულებასა და სამსახურებრივ მივლინებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. თავისი შვებულების თაობაზე ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ–სამართლებრივ აქტს გამოსცემს სამინისტროსადმი მიმართვიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მიღებული სამინისტროს წერილობითი თანხმობის ან ამ ვადაში სამინისტროს პასუხის მიუღებლობის შემთხვევაში. თავის ან/და რესურს–ცენტრის თანამშრომლის უცხოეთში მივლინების თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამინისტროს უცხოეთში მივლინების თარიღამდე არა უგვიანეს ერთი კვირისა (1.05.2008 N408).

 

ი) ამტკიცებს რესურს–ცენტრის შინაგანაწესს; (31.07.2007 N565)

კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს;

ლ) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

    მუხლი 4. საგანმანათლებლო რესურს-ცენტრის დაფინანსება და ქონება

1. რესურს-ცენტრის დაფინანსების წყაროა სახელმწიფო ბიუჯეტი. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ცენტრი ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე გამოყოფილი სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე.

2. რესურს-ცენტრს ქონება გადაეცემა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

    მუხლი 5. რესურს-ცენტრის კონტროლი და ანგარიშგება

1. რესურს-ცენტრი თავისი უფლებამოსილების და სამინისტროს მიერ დასმული ამოცანების გადაწყვეტისა და განხორციელებისას ანგარიშვალდებულია სამინისტროს წინაშე.

2. რესურს-ცენტრის საქმიანობაზე მუდმივ კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.

3. რესურს-ცენტრი საბუღალტრო აღრიცხვასა და ანგარიშგებას ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

მუხლი 6. რესურს-ცენტრის შექმნა, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია

რესურს-ცენტრის შექმნას, რეორგანიზაციას და ლიკვიდაციას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ახორციელებს საქართველოს მთავრობა.

 

მუხლი 7. გარდამავალი დებულებანი (31.07.2007 N565)

2009–2010 სასწავლო წლის დაწყებამდე, რესურს–ცენტრი უფლებამოსილია მის სამოქმედო ტერიტორიაზე არსებულ საჯარო სამართლის იურიდიულ პირ – დაწყებით პროფესიულ და საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში განახორციელოს ამ დებულების მე–2 მუხლის მე–2 პუნქტის „ა“, „ბ“, „გ“, „ზ“, „ი“, „კ“, „ლ“ და  „მ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული უფლებამოსილებანი.

 

 

 

 
September 2017
M T W T F S S
« Oct    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
სსს