ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

1947 წელს საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭოს და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებათა  კომიტეტის  გადაწყვეტილებით  სიღნაღში  დაარსდა  ქიზიყის მხაეთმცოდნეობის  მუზეუმი. მისი ექსპოზიცია გაიხსნა 1950 წლის 31 დეკემბერს. ექსპონატთა საერთო რაოდენობა 700-ს ითვლიდა და წარმოდგენილი იყო ისტორიის, სოციალური მშენებლობისა და ბუნებისმეტყველების განყოფილებები. წლების მანძილზე ივსებოდა მუზეუმის ფონდი.

1967 წლიდან მუზეუმთან გაიხსნა სამხატვრო გალერეა, სადაც წარმოდგენილი   იყო   თანამედროვე   ქართველი   მხატვრების   ნამუშევრები,  მათ შორის:  ლ.  გუდიაშვილის,   ელ.  ახვლედიანის,  ქ.  მაღალაშვილის,  რ.  სტურუას,

მ. თარიშვილის, კ. ობოლაშვილის  და სხვ.

14 ოთახიანი სამუზეუმო ფართი 470 კვადრატულ მეტრს მოიცავდა.   მუზეუმის   პირველი დირექტორი იყო  ილია ზურაბაშვილი.   სამუზეუმო მასალების შეკრებაში  დიდი   წვლილი   მიუძღვით ქიზიყელ  მამულიშვილებს: ავლიპ ზურაბაშვილს,  ალექსანდრე  გზირიშვილს,  შალვა  გოზალიშვილს, ივანე ლოლაშვილს,

ივანე შაიშმელაშვილსა და სხვ.

მეოცე  საუკუნის   ოთხმოცდაათიანი  წლებიდან  მხარეთცოდნეობის მუზეუმი ფუნქციონირებს  ისტორიულ – ეთნოგრაფიული  მუზეუმის  სტატუსით. ეთნოგრაფიული კოლექცია ამჟამად  5000 ერთეულს შეადგენს.კოლექცია მდიდარია ქსოვილთა ნიმუშებით, სპილენძისა და ხის საყოფაცხოვრებო დანიშნულების ჭურჭლითა და ნივთებით, სასოფლო-სამეურნეო იარაღებითა თუ მეღვინეობის კულტურის შესაბამისი მასალით. ფონდებში ასევე დაცულია სიღნაღის ქალაქური ყოფისათვის დამახასიათებელი მდიდარი სამუზეუმო მასალა_ოქრომჭედლობის შესანიშნავი ნიმუშები, ხელოსნობის სხვადასხვა დარგის სამუშაო იარაღები, მუსიკალური საკრავები და სხვ.

სიღნაღის მუზეუმის ფონდებში დაცულია ნუმიზმატიკის მდიდარი კოლექცია, დაახლოებით 2000 ერთეული, მათ შორისაა უძველესი სასანიდური მონეტები, თამარის, ლაშა_გიორგის, ერეკლეს მიერ მოჭრილი მონეტები;  ბონისტიკური და ჰერალდიკური ნიმუშები, რომლებიც სხვადასხვა დროს წარმოდგენილი იყო დროებითი გამოფენების სახით.

მუზეუმის ფონდი მდიდარია არქეოლოგიური,  ფოტო და დოკუმენტური კოლექციებით (დაახლოებით 50 000 ერთეული). აქ   დაცული არქეოლოგიური ექსპონატების გარკვეული რაოდენობა შემთხვევით მონაპოვარი და შემოწირულობაა.

 

სიღნაღის მუზეუმში, მუდმივ მოქმედ გამოფენაზე წარმოდგენილია მრავალფეროვანი  არქეოლოგიური, ეთნოგრაფიული მასალები: მუსიკალური ინსტრუმენტები, იარაღები, სამოსელი და ცხოვრების სტილის ამსახველი ნივთები.

შუა საუკუნეების გამოფენაზე წარმოდგენილია მე-4 – მე-18 საუკუნეების აღმოსავლეთ იბერიის დასახლების ქალაქის ცხოვრება (ხორანთა, ნეკრესი, გავაზი, არეში, გრემი და ჭერემი).

განსაკუთრებული ადგილი შუა საუკუნეების ექსპოზიციაზე დავით გარეჯის მონასტრის კომპლექსის არქეოლოგიურ აღმოჩენებს უკავია.

სიღნაღის მუზეუმის მთავარ ღირშესანიშნაობას წარმოადგენს არქეოლოგიური ექსპოზიცია, სადაც წარომდგენილია ენეოლითის ხანის, ადრე, შუა და გვიანი ბრინჯაოს პერიოდის შესანიშნავი, უნიკალური მონაპოვრები, მათ შორის არის ლომის ოქროს ქანდაკება, შავპრიალა თიხის ჭურჭელი, სარიტუალო გამოსახულებები, გარდამავალი პერიოდის რკინის ბრინჯაოსტარიანი მახვილი და სხვა.

ცალკე დაბაზი აქვს დათმობილი XIX-XX საუკუნის მიჯნის თვითნასწავლი მხატვრის, ნიკო ფიროსმანაშვილის  (ფიროსმანის) ნამუშევრების გამოფენას, სადაც მისი 16 ორიგინალია დაული.

ფიროსმანი კახეთში,სოფელ მირზაანში 1862 წელს გლეხის ოჯახში დაიბადა. იგი ადრე დაობლდა და კახეთის მდიდარმა მემამულეებმა, კალანტაროვებმა იშვილეს. მალე კალანტაროვები საცხოვრებლად თბილისში გადავიდნენ, სადაც ნიკომ თითქმის მთელი ცხოვრება გაატარა.პროფესიული განათლება არ მიუღა.დამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ხან თბილისის დუქნებში, ხან რკინიგზაზე მუშაობდა.ხშირად ლუკმა-პურის, სასმელისა და საღებავების საფასურად ხატავდა დუქნებს, ლუდხანებისა და სახელოსნოთა მეპატრონეთათვის აბრებსა და სურათებს.დროდადრო ქირაობდა პატარა ოთახს სარდაფში ან კიბის ქვეშ. ფიროსმანის არსებობის მიზანი, მოწოდება, ხატვა იყო. მას შემოქმედის განსაკუთრებული თვითდარწმუნებულობის, ყველასგან გამორჩეულობის შეგრძნება ჰქონდა და გარეგნულადაც განსხვავდებოდა თავისი გარემოცვისგან. იცვამდა ,,ევროპულად:, ატარებდა პიჯაკს, თექის ფართოფარფლიან ქუდს.

1912 წელს პოეტმა ილია ზდანევიჩმა, თავის ძმასთან, მხატვარ კირილ ზდანევიჩთან ერთად ,,აღმოაჩინა“ ფიროსმანი და 1913 წელს, ავანგარდისტულ გამოფენაზე – ,,მიშენ“(სამიზნე,)მოსკოვში, მისი სურათები პირველად წარმოადგინა.

ილია ზდანევიჩმა შემდგომი პოპულარიზაცია გაუწია მხატვარს. 1916 წელს, საკუთარ სახლში მოაწყო გამოფენა. ქართველმა მხატვრებმა და ფართო საზოგადოებამ ფიროსმანი აღიარა, თუმცა მისი ცხოვრება ტრაგიკულად დასრულდა – ფიროსმანი 1918 წელს მარტოობაში გარდაიცვალა, ისე რომ მისი საფლავი დღემდე უცნობია.

მისი ადრეული ნამუშევრები ამ რეგიონის კულტურას და სულისკვეთებას გამოხატავენ. მისი მხატვრობა გამოირჩევა თვითმყოფადობით, ორიგინალურობით და უაღრესად მნიშვნელოვანია არა მარტო ქართული კულტურისთვის, არამედ მსოფლიო ხელოვნებისთვისაც.

 

2007 წლის 27 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის მუზეუმის ექსპოზიცია ოფიციალურად  გახსნა.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში გაერთიანებული მეცხრე მუზეუმი გახლავთ.

სიღნაღის მუზეუმი საქართველოს უახლეს ისტორიაში პირველია, რომელიც სრულად აკმაყოფილებს თანამედროვე სამუზეუმო სტანდარტებს.

სიღნაღის მუზეუმში მუშაობს დროებითი საგამოფენო დარბაზიც, სადაც 2009 წელს მოეწყო პაბლო პიკასოს, 2010 წელს დასავლეთ ევროპის ფერწერული ტილოების, 2011 წელს ჯონ უერდმანის, 1012 წელს კი ლადო გუდიაშვილის ნამუშევრების გამოფენები.

მუზეუმი  მდიდარი    ექსპოზიციითა  და  შესანიშნავი  ადგილმდებარეობით

უამრავ   სტუმარს  იზიდავს.  2007  წლიდან დღემდე  მუზეუმი დაათვალიერა 55000-ზე მეტმა  დამთვალიერებელმა.

სიღნაღის ისროტიულ – ეთნოგრაფიული   მუზეუმის   მისამართია:

ქ. სიღნაღი, რუსთაველის ჩიხი 8.

 

 

 

 

 
April 2017
M T W T F S S
« Oct    
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
სსს