ჰამლეტ გონაშვილი

 

“ჰანგი სიყვარულზე წმინდა”

 

 

მომღერალი, საქართველოს სახალხო არტისტი ჰამლეტ დიმიტრის ძე გონაშვილი დაიბადა 1928 წლის 28 ივნისს. 1953–69 წლებში საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის წამყვანი მომღერალი იყო. ჰქონდა განსაკუთრებული, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის, რბილი ტემბრის ხმა, ვირტუოზული საშემსრულებლო ტექნიკა და მაღალი გემოვნება. თანაბარი წარმატებით ასრულებდა როგორც ქართლ–კახურ, ისე იმერულ–გურულ საგალობლებს, მეგრულ და აფხაზურ სიმღერებს (მთქმელის პარტიას). 25 წლისა უკვე საქართველოს სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის სოლისტი იყო. ჰამლეტს განსაკუთრებით მოუხდა ჩოხა – ახოვანი, მხრებგაშლილი, მკერდგამოწეული და წვრილწელიანი მომღერალი ნამდვილ ქართველ არისტოკრატს ჰგავდა, მსმენელს კი თავი არაჩვეულებრივი ხმით დაამახსოვრა.

ქრთვლი ერი ყოველთვის განებივრებული იყო განსაკუთრებული ნიჭითა და უნარით დაჯილდოვებული ადამიანებით. მსოფლიოში ცნობილი მსახიობებით, რეჟისორებით, მოცეკვავეებით, მომღერლებით. ჩვენ კახელებს და განსაკუთრებით კი სიღნაღის რაიონის მკვიდრთ ძალიან გვეამაყება, რომ უბადლო და საოცარი ნიჭით დაჯილდოვებული გენიოსი მომღერალი, ჰამლეტ გონაშვილი ჩვენი კუთხის შვილია. ეს იყო ადამიანი რომელიც ლეგენდად იქცა, ლეგენდად, რომელიც მიწაზე დააბიჯებდა და მისი არაამქვეყნიური ხმა მსოფლიოს აოცებდა. ადამიანი, რომლის ნიჭსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს, რომლის ხმაც კოსმისში გაგზავნეს, რომრლსაც ფიროსმანს და გალაქტიონს ადარებენ.

ჰამლეტ გონაშვილს  სიგიჟემდე უყვარდა საკუთარი მხარე და განსაკუთრებით თავისი სოფელი ანაგა. კახეთის თითოეული კუთხე კუნჭული ფეხით ჰქონდა შემოვლილი. აქაურ პრობლემებზე და გაჭირვებულ ხალხზეც ძალიან შესტკიოდა გული, ცდილობდა მათ რამით მაინც დახმარებოდა.

მან არაერთხელ ასახელა საქართველო თავისი უბადლო ნიჭიერებით. მსოფლოს გააცნო ქართული სიმღერა, ფოლკლორი. მისი ცხოვრების ეპიზოდებს ლეგენდებად ყვებიან. ამბობენ საზღვარგარეთ მის სიმღერას ვინც მოისმენდა ვერ იჯერებდა, რომ ბუნებრივად ჰქონდა ასეთი ხმა, უცხოელები კონცერტის შემდეგ მიდიოდნენ ამ საოცარი ხმის პატრონთან და ყელზე უყურებდნენ ალბათ რაიმე გარეგნული განსხვავება უნდოდათ აღმოეჩინათ. მისმა დამ მოგვიყვა, რომ საზღვარგარეთ კონცერტის შემდეგ მიდიოდნენ მსმენელები და სთხოვდნენ კიდევ ემღერა, თან აღფრთოვანებულები ამბობდნენ, ასეთი მომღერლის სცენიდან გაშვება როგორ შეიძლებოდაო. ჰამლეტის  მთავარი მომხიბლაობა იყო განსაკუთრებული და განუმეორებელი, მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი, იშვიათი სილამაზის ხმა, დახვეწილი გემოვნება, ბგერის სიმსუბუქე და მკაფიოება. არტისტული გარეგნობით, სიმღერის დახვეწილი მანერითა და თავდაჭერილობით აღტაცებაში მოჰყავდა არა მხოლოდ ქართველი, უცხოელი მსმენელიც. პარიზში “მრავალჟამიერი” სამჯერ ამღერეს, ესპანელები ყელზე კოცნიდნენ. ანსამბლ “რუსთავთან” ერთად თითქმის მთელი მსოფლიო მოიარა და თავისი სიმღერით გულგრილი არავინ დაუტოვებია, მათ შორის პროფესიონალი მუსიკოსებიც. გონაშვილის რეპერტუარიდან გამორჩეულია “ურმული”, “ოროველა”, “წინწყარო”, “წმინდაო ღმერთო”, “გაფრინდი შავო მერცხალო”, “დაიგვიანეს”. მისი შემოქმედება ქართული მუსიკალური ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის უნიკალური სინთეზია.

ის მხოლოდ თავისი ხმით როდი აკვირვებდა გარშემომყოფთ, სხვა მხრივაც განსხვავებული იყო. თურმე ერთ-ერთ გასტროლზე გემით მგზავრობდნენ, შემთხვევით ბაქანზე თოლია მოფრენილა. ჰამლეტი მასთან ახლოს მისულა და საკუთარი ხელიდან პურის ნამცეცები უჭმევია. გემის კაპიტანი და მეზღვაურები გაკვირვებულან და უთქვამთ: ჯერ არსად გვინახავს თოლიას ადამიანის ხელით საჭმელი ეჭამოს. იქ მყოფთაგან სხვებსაც უცდიათ ფრინველთან მიახლოვება, მაგრამ არავინ მიუკარებია. ამ დროს გემზე ერთი ფოტოგრაფი იმყოფებოდა და ეს შემთხვევა ფირზე აღუბეჭდავს. ამგვარი სურათები სხვაც ბევრია შემონახული. ერთ-ერთ სურათში ჰამლეტი პატარა დათვის ბელს ეთამაშება, როგორც თავისი დისთვის მოუყოლია, მასთან პატრონის გარდა ვერავინ ბედავდა მიკარებას, თვითონ კი მისულა და დიდხან ეფერებოდა. მომღერალს უყვარდა კახური ღვინო, ოღონდ საგანგებოდ, ფაქიზად ეპყრობოდა, ცოტას სვამდა, დაგემოვნებით. უცხოეთში გასტროლებზე მუდამ თან მიჰქონდა, მაშინაც კი, როცა სასმელის საზღვარზე გადატანა მკაცრად იყო აკრძალული, კონცერტის შემდეგ საქართველო აუცილებლად უნდა ედღეგრძელებინა. განსაკუთრებით იწონებდა თავს, რომ სირიიდან ჩამოტანილი ლეღვის ნერგი ანაგაში გაახარა და ნაყოფიც მიიღო.

მისი და, ქალბატონი ჯულიეტა ასეთ ისტორიულ ფოტოებს, აფიშებს ჩონგურს რომელზეც უკრავდა, ჩოხას რომელიც კონცერტებზე ეცვადა, საგულდაგულოდ ინახავს, იმედი აქვს, რომ ოდესმე ჰამლეტ გონაშვილის მუზეუმი გაიხსნება და ეს ყველაფერი იქ დაიდებს ბინას.

ჰამლეტ გონაშვილის 80 წლის იუბილესთან დაკავშირებით მწერალთა კავშირის ხელმძღვანელის, მაყვალა გონაშვილის ინიციატივით გამოვიდა წიგნი სათაურით – “ჰანგი სიყვარულზე წმინდა.” ეს გახლავთ ლექსების კრებული სადაც შევიდა ყველა ის ლექსი, რომელიც კი ჰამლეტ გონაშვილზე დაწერილა.

მისი რეპერტუარიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია  არამხოლოდ “წინწყარო”, “წმინდაო ღმერთო”, “გაფრინდი, შავო მერცხალო” და სხვა.  იგი წარმატებით ასრულებდა ქართველ კომპოზიტორთა სიმღერებსაც. მისი შემოქმედება, ერთი მხრივ, ხალხურ პირველწყაროსთან სიახლოვითაა აღბეჭდილი, მეორე მხრივ კი ქართული და დასავლურ ევროპული კლასიკური მუსიკის ესთეტიკის იდეალების ერთგვარი სინთეზია.

სიმღერას რომ ამუშავებდა, საათობით უსმენდა ძველ ჩანაწერებს, ყველა გამოცდილებას გაიაზრებდა და მერე ქმნიდა ახალ, საკუთარ, გამორჩეულ ვარიანტს. მაგრამ ერთსა და იმავე სიმღერას თვითონაც ორჯერ ზუსტად ერთნაირად არ ასრულებდა. კონცერტის დროს, მელოდიის ისეთ ქარგვას იწყებდა, რომ თუ პარტნიორიც გამოცდილი არ იყო, ვერ მიჰყვებოდა, ამიტომ ჰამლეტ გონაშვილთან დუეტში ყველა ვერ მღეროდა.

 

იგი დაიღუპა ტრაგიკულად, მშობლიურ სოფელში, დედის სანახავად ჩასული. დაკრძალეს საბურთალოს სასაფლაოზე, 2001 წელს კი გადაასვენეს დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მის მიერ შესრულებული სიმღერები დღეს უფრო და უფრო პოპულარული ხდება საზღვარგარეთ. უცხოელები ჰამლეტ გონაშვილის “ურმულსა” და “ოროველას” კინოფილმებსა და მასობრივ სანახაობებში იყენებენ როგორც მისტიკური მოვლენის, ადამიანის ხმის შესაძლებლობის უნიკალურ გამოვლინებას.

 

 
June 2017
M T W T F S S
« Oct    
 1234
567891011
12131415161718
19202122232425
2627282930  
სსს