ბიძინა კვერნაძე

ბიძინა კვერნაძე

სიღნაღის გამოჩენილი მოღვაწე, კომპოზიტორი ბიძინა კვერნაძე დაიბადა 1928 წლის 29 ივლისს ქალაქ სიღნაღში. მამა-ალექსანდრე კვერნაძე-ქ.სიღნაღის აფთიაქის გამგე იყო. დედა-ნინო ნადირაშვილი, მუსიკის მასწავლებელი გახლდათ.იგი ერთხანს თბილისში, ზაქარია ფალიაშვილთან მეცადინეობდა, შემდეგ სწავლა გერმანიაში განაგრძო.

ხუთი წლის იყო ბიძინა, როდესაც დედა გარდაეცვალა.სწორედ დედის სურვილი იყო, რომ ის მუსიკოსი გამხდარიყო. 17 წლის ბიძინა ნიჭიერთა ათწლედის ბაზაზე გახსნილ სკოლა-ინტერნატში ჩაირიცხა. მას ინსტრუმენტად კონტრაბასი ერგო. სწორედ მაშინ გამოჩნდა ქალბატონი ტერეზა არონიშიძე, ვინც მის მუსიკალურ ბიოგრაფიაში გადამწყვეტო როლი შეასრულა.

1948 წელს ბიძინა კვერნაძემ საგამოცდო კომისიას თავისი ნაწარმოებები წარუდგინა და იგი ფრიადოსნის ნიშნით კონსერვატორიის თეორიულ-საკომპოზოციო ფაკულტეტის პირველ კურსზე  ჩაირიცხა. 1953 წელს თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელმწიფო კონსერვატორიის კომპოზიციის კლასი დაამთავრა (პედ. ანდრია ბალანჩივაძე). მისი სადიპლომო ნაწარმოები, სიმფონიური პოემა „შემოღამება მთაწმინდაზე“(ნიკოლოზ ბარათაშვილის მიხედვით) შესრულდა საქართველოს სიმფონიური ორკესტრის მიერ. იმავე წელს ბიძინა კვერნაძე საკავშირო კომპოზიტორთა კავშირის წევრად მიიღეს. 1959 წელს „ამიერკავკასიის მუსიკალური ფესტივალი“ ჩატარდა, რომელზეც წარმატებით შესრულდა კვერნაძის სავიოლინო კონცერტი. არამ ხაჩატურიანის რეკომენდაციით კონცერტი ვენაში ახალგაზრდობის მსოფლიო ფესტივალზე გაიგზავნა, სადაც ავტორიც მიავლინეს და სამახსოვრო მედლით დაჯილდოვდა. ამავე წელს დაიწერა „ცეკვა-ფანტაზია“ სიმფონიური ორკესტრისათვის, რომელიც  სავიოლინო კონცერტთან ერთად ბევრჯერ აჟღერდა აშშ-ში, შვეიცარიაში, პოლონეთში, უნგრეთსი და სხვა. ამ სიმფონიისათვის კომპოზიტორმა საკავშირო კონკურსის პირველი ხარისხის დიპლომი მიიღო. იგი შეიტანეს ერთტომეულში „ორმოცდაათი საუკეთესო სიმფონია“.

1963 წლიდან ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას. არის საქართველოს სახალხო არტისტი.

1965 წელს დაიდგა ბიძინა კვერნაძის ბალეტი „ქორეოგრაფიული ნოველები“, 1973 წელს-ბალეტი „ბერიკაობა“, 1983 წელს- ოპერა „იყო მერვესა წელსა“.

ბიძინა კვერნაძის რჩეული ქმნილებებია: „ჩვენისთანა ბედნიერი“; „მედეა“; „უკვდავება“; „კანტატა საქართველოზე“; „სადღესასწაულო უვერტიურა“; „ძველი ქართული წარწერები“. მას შექმნილი აქვს მუსიკა ოცდაათზე მეტი ფილმისათვის, მათ შორის მრავალსერიანი ფილმისათვის „დათა თუთაშხია“. მუსიკალურად გააფორმა სპექტაკლები: „ჭინჭრაქა“; „ყვარყვარე“; „ზაფხულის ღამის საზმარი“; „მე ვხედავ მზეს“.

1981 წელს მიენიჭა ზაქარია ფალიაშვილის სახელობის პრემია.

1985 წელს ოპერისთვის „იყო მერვესა წელსა“ მიენიჭა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემია.

1996 წელს მიენიჭა თბილისის საპატიო მოქალაქის წოდება.

1998 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით.

2003 წელს ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის წინ გაიხსნა ბიძინა კვერნაძის სახელობის ვარსკვლავი.

2008 წელს , მშობლიურ ქალაქში, სიღნაღის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის და  ხელოვნებისა და კულტურის ცენტრის ძალისხმევით, შემოქმდებითმა ჯგუფმა, დოდო ლორთქიფქნიძისა და პიანისტ გია ნიკვაშვილის ინიციატივით, ბიძინა კვერნაძის საიუბილეო საღამო გამართა. 80 წლის კომპოზიტორი თვალებზე ბედნიერების ცრემლებმომდგარი აღნიშნავდა, ბავშვობაში დავბრუნდიო.

2010 წლის 8 ივლისს ბიძინა კვერნაძე გარდაიცვალა ქალაქ თბილისში. 11 ივლისს იგი დიდუბის ხელოვანთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალეს.

 

 

 

 
September 2017
M T W T F S S
« Oct    
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930  
სსს